კალათბურთი

11:52 | 17.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დელტამ რაში დაამარცხა, ქუთაისმა კი ბათუმში იმარჯვა

ზესტაფონში დაწყებული სუპერლიგის მე-17 ტური დღეს რეგიონებშივე გაგრძელდა. გურჯაანმა და ბათუმმა მორიგ მატჩებს უმასპინძლეს, რომლებშიც ლიდერები მყოფმა გუნდებმა ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფ მეტოქეებს მოუგეს. თავდაპირველად კახეთის რეგიონში ჩატარებულ შეხვედრაზე ვთქვათ, სადაც დელტამ თბილისის “რაშს” უმასპინძლა და დაგეგმილი, კომფორტული გამარჯვება მოიპოვა – 96:79 (სტატისტიკა).

სუპელიგის დებიუტანტი რაში, რომელიც სუპერლიგის ცხრილის კომფორტულ ზონაში შესასვლელად იბრძვის, რათა ლიგიდან გავარდნის საფრთხე არ დაემუქროს, საჩემპიონო ამბიციის მქონე დელტას პირველ ნახევარში ტოლ-სწორად ებრძოლა. მართალია, გურჯაანელები თავიდანვე დაწინაურდნენ და სოლიდურადაც, თუმცა თბილისელები შორი სროლებითა და პერიოდული გაქცევებით ჩამორჩენას ამცირებდნენ.

პირველ პერიოდში დელტა 8 ქულით გალიდერდა, თუმცა მეოთხედი საბოლოოდ მხოლოდ ქულით – 22:21 მოიგო. მეორე ათწუთეულში მასპინძლები 16 ქულით გალიდერდნენ (39:23), მაგრამ ენტონი ელსტონის, იგორ ჩუმაკოვის და ევან მილიგანის შორი სროლებით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს – 40:42. დელტამ პირველი ნახევარი საბოლოოდ 6 ქულით მოიგო, ხოლო ბოლო პერიოდის წინ უპირატესობა ქულით გაზარდა – 72:65.

რაში შანსს ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა, თუმცა ფავორიტად შერაცხილმა დელტამ გურჯაანელი გულშემატკივრების გასახარად მეტოქის გატეხვა დასკვნით წუთებში მოახერხა. დელტამ ბოლო პერიოდი 24:14 მოიგო და საბოლოოდ 17-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა. მასპინძელთაგან 10 ქულით, 10 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო შედეგი ბექა ბექაურმა დააფიქსირა. 18 ქულა და 9 პასი ბაირონ მაქსველმა, ხოლო 17 ქულა მერაბ ბოქოლიშვილმა მიითვალა. რაშის ბომბარდირი 17 ქულით სანდრო სანაძე გახდა. 15 ქულა ჩუმაკოვმა მოაგროვა, ევან მილიგანი კი სტატისტიკური ლიდერი გახდა – 11 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი.

რაც შეეხება ბათუმში გამართულ მატჩს, ბრძოლა არ შედგა. ქუთაისმა, რომელსაც ბოლო 6 მატჩიდან 7 ჰქონდა მოგებული, მასპინძელ ბათუმს 92:83 (სტატისტიკა) მოუგო. ბოლო პერიოდის წინ იმერული კლუბი 22 ქულით იგებდა და მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო, ბათუმელებმა კი ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს. ქუთაისი 10 მოგებითა და 5 მარცხით მე-2 ადგილზეა, ბათუმი კი 6 მოგებითა და 8 წაგებით მე- ადგილი უკავია.

ქუთაისელებს გიორგი კორსანტიამ ულიდერა, რომელმაც 11 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. 23 ქულით ბომბარდირი გახდა დეტრეკ ბრაუნინგი. მასპინძელთა გუნდში 26 ქულით საუკეთესო იყო მარკის ვილსონი.

სუპერლიგის მე-17 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, 17 მარტს – თბილისსა და გორში გაიმართება. თსუ რუსთავს უმასპინძლებს, ხოლო ივერიონი გორში ორბს მიიღებს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108409