ფეხბურთი

2:00 | 9.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაშოუ "ტორინოსთან" და ზედიზედ მესამე მატჩში გოლი
საბა საზონოვმა ითამაშა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა

იტალიის სერია A-ს 28-ე ტური „ნაპოლის“ და „ტორინოს“ მატჩით დასრულდა, რომელიც ნეაპოლელებმა ვერ მოიგეს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ ითამაშა.

ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავ ფორმაში შესვლა მოახერხა ზედ სანაკრებო პაუზის წინ, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფინალს გამოტოვებს, ფინალში გასვლის შემთხვევაში, მას მოედანზე გასვლა გადამწყვეტ მატჩში შეეძლება.

ტურინელთა წინააღმდეგ შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ კვარა თამაშობდა. პირველ ტაიმში ვანია მილინკოვიჩ-სავიჩმა მას ორი ურთულესი დარტყმა არ გაატანინა: ჯერ ფეხით ახლო მანძილიდან, მერე თავით ვარდნაში.

61-ე წუთზე ხვიჩამ ანგარიში მაინც გახსნა. კვარამ მარიო რუისთან კარგი კომბინაცია გაითამაშა და ახლო მანძილიდან ზუსტი იყო. მან ზედიზედ მესამედ გაიტანა, რაც მეორედ მოხდა მის ნეაპოლურ კარიერაში - გასულ სეზონში „სასუოლო“, „სპეცია“ და „კრემონეზე“ დაამწუხარა, ამ სეზონში „სასუოლო“, „იუვენტუსი“ და „ტორინო“.

ეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩას მე-10 გოლია, რითაც ხუთ ფეხბურთელს - ლაუტარო მარტინესს (22), დუშან ვლაჰოვიჩს (15), ოლივიე ჟირუს (13), პაულო დიბალას (12) და ვიქტორ ოსიმენს (11) ჩამორჩება.

„ტორინომ“ სამ წუთში ანტონიო სანაბრიას ლამაზი გოლით გაათანაბრა. მერე კი, კვარაცხელია ტურინულ გუნდს მარტო ეთამაშებოდა, გადაუჭარბებლად. ქართველმა რამდენიმე სახიფათო მომენტი პირადად შექმნა, მაგრამ ორჯერ მეკარემ ითამაშა ფანტასტიკურად, ერთხელ დაუჯერებელ გოლამდე ცოტა დააკლდა.

ვთქვათ, რომ „ტორინოში“ 76-ე წუთიდან საბა საზონოვმა ითამაშა, რომელსაც კვარას წინააღმდეგაც მოუწია დაპირისპირება. ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:1.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 10 გოლი, 5 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში. საბა საზონოვმა სერია A-ში მე-11-ედ ითამაშა.

„ნაპოლი“ 44 ქულით მეშვიდეა და მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს, ხოლო „ტორინო“ 38 ქულით მეათეა და წინ „უდინეზესთან“ დუელი ელოდება.

„ნაპოლი“ – „ტორინო“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 კვარაცხელია (61), 1:1 სანაბრია (64)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129172