ფეხბურთი

3:52 | 4.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "კვარაცხელია დაცვით ფაზაში სივრცეებს ტოვებდა, რითაც სარგებლობას ვცდილობდით"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ მატჩის (1:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „ნაპოლის“ დაცვის მარცხენა ფლანგზე მეტი სივრცე რჩებოდა, რის გამოც უფრო მეტად ხსენებული ზონიდან უტევდნენ.

„თამაშით კმაყოფილი ვართ, მაგრამ გაბრაზებულიც უნდა ვიყოთ, რადგან კარგი შედეგის მიღწევა შეიძლებოდა. წაგებას არ ვიმსახურებდით, „ნაპოლიმ“ კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი აშკარა საგოლე მომენტი გვქონდა, რომლებიც უკეთ უნდა გამოგვეყენებინა. ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ქულები კიდევ გვჭირდება.

რატომ ვუტევდით უფრო მეტად ჩვენი შეტევის მარჯვენა და „ნაპოლის“ დაცვის მარცხენა ფლანგიდან? ამ ფლანგზე კვარაცხელია იყო, რომელიც დაცვით ფაზაში სივრცეებს ტოვებდა და ვცდილობდით მეტი შეგვეტია. თუმცა, მარცხენა ფლანგიდანაც შევქმენით სახიფათო მომენტები. სამაგიეროდ, ცენტრალურ ზონაში, სადაც „ნაპოლის“ ბევრი ფეხბურთელი იყო, უფრო გვიჭირდა“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. კვარაცხელია პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „იუვენტუსს“ საწყის ორ საშინაო მატჩში გოლი გაუტანა მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994-1995 წლების სეზონიდან).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10578