რაგბი

14:27 | 7.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. ჩემპიონატი | უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქეები ცნობილია

უმცროსი ბორჯღალოსნები 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ბ ჯგუფში, ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

ტურნირს 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა, სტელენბოში და ქეიფთაუნი უმასპინძლებს.

20-წლამდელთა ჩემპიონატს შარშანაც სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა და იქ საქართველომ აქამდე საუკეთესო შედეგი აჩვენა – მე-8 ადგილი. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მომავალი მეტოქეებიდან, შარშან ირლანდიამ ფინალი ითამაშა და იქ ზედიზედ სამგზის ჩემპიონ საფრანგეთთან დამარცხდა. ავსტრალიამ მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო იტალიამ გასავარდნი შეხვედრა მოიგო და მე-11 პოზიციას დასჯერდა.

2024 წლის ჩემპიონატში ა ჯგუფში საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და ესპანეთი, ხოლო გ ჯგუფში სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, არგენტინა და ფიჯი მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 29 ივნისს, 4 და 9 ივლისს გაიმართება. სამივე ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის; ორი მეორეადგილოსანი და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას; დანარჩენი ოთხი გუნდი მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებს.

ბოლო ადგილზე გასული 2025 წელს ალაფაზე დაქვეითდება, მის ადგილს კი 2024 წლის ალაფის გამარჯვებილი დაიკავებს, რომელსაც წელს 2-17 ივლისს შოტლანდია უმასპინძლებს. ნახევარფინალები 14, ხოლო ფინალები 19 ივლისსაა ჩანიშნული.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან იმართება. საქართველომ 2015 წელს ალაფა მოიგო და 2016 წელს, გახდა პირველი გუნდი, რომელმაც 12-გუნდა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. მას შემდეგ ის მუდამ ჩემპიონატის მონაწილეა და სამჯერ მე-10 ადგილზე გავიდა, ერთხელ მე-9-ზე, შარშან კი მე-8-ზე. 2020-2022 წლებში 20-წლამდელთა ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა და ის შარშან აღდგა.

განვლილ პერიოდში 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან ეროვნულ გუნდში 1550-ზე მეტი მოთამაშე დაწინაურდა და მათგან 32 მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115991