სხვა

12:50 | 2.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა

განგვონში ზამთრის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ჰოკეისტთა ცენტრის სიახლოვეს, ღია სივრცეში მუსიკალურად გაჯერებული ცერემონიით დაიხურა.

წარმოდგენაში მონაწილეობდნენ კორეელი რეპერები და მუსიკალური ჯგუფები, ასვე ადგილობრივი ახალგაზრდული გუნდი. შედგა მონაწილე ქვეყნების დროშების აღლუმი.

დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშეები იყვნენ მოციგურავეები - კონსტანტინე სუპატაშვილი და ინგა გურგენიძე.

დამსწრეთა შორის იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი.

მასპინძლებმა დახურვის ცერემონიის სტუმრებს და თავად ახალგაზრდა ოლიმპიელებს ვიდეომონტაჟის დახმარებით 13-დღიან ასპარეზობათა ერთგვარი სანახაობრივი ვიდეოკოლაჟი შესთავაზეს.

დახურვის ცერემონიის კულმინაცია იყო მოხალისეების და განგვონი-2024-ის თილისმა მუნჩოს მიერ ოლიმპიური ცეცხლის ჩაქრობა.

ზამთრის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 11 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით პირველ ადგილზე გავიდა იტალია. მეორე ადგილი ერგო გერმანიას (9-5-6), მესამეზე კი მასპინძლები აღმოჩნდნენ (7-6-4).

მთლიანობაში მედლები 30 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიპოვეს. მათ შორის, ზამთრის ახალგაზრდულ თამაშებზე პირველად შეძლეს კვარცხლბეკზე ასვლა ბრაზილიამ, ტაილანმდა, თურქეთმა და ტუნისმა.

შეგახსენებთ, რომ განგვონის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში მონაწილეობა მიიღო 78 ქვეყნის 1900 - მდე სპორტსმენმა, მათ შორის საქართველო სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, ციგაობა) 6 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

ფიგურული ციგურაობა
1. ინგა გურგენიძე
2. კონსტანტინე სუპატაშვილი

ტრამპლინიდან ხტომა
1. ესმირალდა ალიევი
2. გიორგი დიაკონოვი

ციგაობა
1. საბა ხაჩიძე
2. ლუკა მიქაბერიძე

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა ინგა გურგენიძემ, რომელმაც ფიგურულ ციგურაობაში მე-5 ადგილი დაიკავა.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127708