ფეხბურთი

21:28 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ოსიმენი "რეალში", პსჟ-ში ან პრემიერლიგაში წავა, მოურინიოს "ნაპოლიში" გამოვრიცხავ"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი მადრიდის „რეალში“, „პარი სენ-ჟერმენში“ ან პრემიერლიგაში წავა. როგორც მან თქვა, ეს დიდი ხანია იცის.

დე ლაურენტისმა ჟოზე მოურინიოს „ნაპოლიში“ მისვლაც გამორიცხა. გარდა ამისა, სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის, პიოტრ ჟიელინსკის „ინტერში“ მოსალოდნელ ტრანსფერზე:

„პიოტრ ჟიელინსკი ძალიან კარგი ბიჭია, შესანიშნავი ფეხბურთელი. მან „ნაპოლიში“ 8 წელი გაატარა და ვფიქრობ, რომ ასეთი გრძელი ისტორიები ადრე თუ გვიან, მთავრდება. მას თუ დარჩენა სურს, აქ ვართ, რომ ჩავეხუტოთ, მაგრამ თუ წასვლა სურს, რადგან ჰყავს აგენტი, რომელსაც ფულის სუნი სცემს, შეუძლია წავიდეს. ერთს გეტყვით: ჟიელინსკი ჩემგან უფრო მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე „ინტერში“ მიიღებს. ჯუზეპე მაროტას ვუთხარი, რომ ის კარგად არ იქცევა, მაგრამ ხუმრობით.

სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა? ჯანი ინფანტინო ამბობს, რომ იანვარში გამართული აფრიკის თასი კლუბებთან არაფერ შუაშია, მაგრამ როდესაც ორი ფეხბურთელის გარეშე ბევრი მატჩის განმავლობაში რჩები, უნდა იმოქმედო. იყო ტრავმებიც, გვქონდა პრობლემები. ახალ მწვრთნელს ძალიან ცოტა დრო ჰქონდა მატჩებისთვის მოსამზადებლად მჭიდრო კალენდრის გამო. მაძარიმ თავისი საქმე გააკეთა, ის ძალიან მომწონს.

„ნაპოლისთან“ მოურინიოს არავითარი კავშირი არ აქვს. ახლა თავისუფალია, მაგრამ სამუშაოდ სხვაგან წავა. კარგი მწვრთნელია, ძალიან სიმპათიური და იმპულსური. ძალიან მიყვარს პორტუგალიელები, საოცარი ერია, მაგრამ მისი მომავალი იტალიის ფარგლებს გარეთაა და ნამდვილად არა „ნაპოლიში“.

ოსტიგორი წავა? ის ახლა „ნაპოლის“ სჭირდება, ცოტა ხანი მოვიცადოთ. რთულია წამსვლელ ფეხბურთელებზე საუბარი.

ოსიმენის სიტყვები, რომ თავისი მომავალი უკვე გადაწყვიტა? ჩვენ ეს გასული ზაფხულიდან ვიცოდით. კონტრაქტის განახლებაზე ხანგრძლივი და მეგობრული მოლაპარაკებები გვქონდა. საქმე გაჭიანურდა, მაგრამ მაშინვე მშვენივრად ვიცოდით, რომ ის წავა „რეალში“, პსჟ-ში ან რომელიმე ინგლისურ კლუბში.

მსაჯების სკანდალი? სანამ არ იქნება მტკიცებულებები, ვერაფერს ვიტყვით. ისინი ამ გადაცემაში ჭორს სანახაობად აქცევენ. თუ ეს ჭორი არ იყო, მათ ეს უნდა დაამტკიცონ“, - თქვა დე ლაურენტისმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114104