კალათბურთი

23:54 | 9.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

“ა” ლიგა თბილისი არენაზე 3 მატჩით და საინტერესოდ დაიწყო

“ა” ლიგის მე-10 გათამაშება დღეს, თბილისი არენაზე, 3 მატჩით დაიწყო. პირველ ტურში ტურნირის მონაწილე ექვსივე გუნდმა ითამაშა. სწორედ ამ გუნდებიდან საუკეთესო მიიღებს სეზონის ბოლოს სუპერლიგის საგზურს, ხოლო ფინალში წაგებულ გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსი საკვალიფიკაციოში ექნება.

მიმდინარე “ა” ლიგაში მხოლოდ 1 გუნდია, რომელიც წინა გათამაშებაში მონაწილეობდა. ეს გახლავთ “ასტრალი”, ხოლო დანარჩენები ისინი არიან, რომლებმაც სხვადასხვა გზით მოიპოვეს “ა’ ლიგაში ასპარეზობის უფლება. დავიწყოთ კლუბით “ვერა”, რომელსაც “ა” ლიგაში თამაში ძალიანაც არ უნდოდა, მაგრამ წინა სეზონში სუპერლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა და დაქვეითდა.

“სოხუმი საქართველო” გახლავთ ახლად შექმნილი კლუბი, რომელმაც “ა” ლიგაში ასპარეზობის უფლება ასევე სუპერლიგიდან დაქვეითებული “ტიტებისგან” მიიღო. აქვე შეგახსენებთ, რომ სუპერლიგასა და “ა” ლიგაში ადგილის მქონე გუნდებს უფლება აქვთ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ლიგაში ადგილი ოფიციალურად ნებისმიერ კლუბს გადასცენ. სწორედ ასე მოიქცა “ა” ლიგის გასული სეზონის კიდევ ერთი მონაწილე გთუნი, რომელმაც საკუთარი ადგილი ვიქტორ სანიკიძის აკადემიას (ვსა) დაუთმო.

დარჩენილი 2 ახალი გუნდი კი ისინი გახლავთ, რომლებმაც საკუთარი ძალებით, ბრძოლით მოიპოვეს “ა” ლიგის საგზურები. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა თსსუ-მ სტუდენტური ლიგის მოგებით დაიმსახურა “ა” ლიგა, ხოლო თელავის “ბურჯმა” საკვალიფიკაციო რაუნდი დაძლია და ამ გზით მოიპოვა “ა” ლიგის საგზური.

ვერა – სოხუმი საქართველო
სტატისტიკა: 87:97

სოხუმი საქართველომ “ა” ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგიდან დაქვეითებულ ვერას სძლია, თუმცა ეს გუნდი მთლიანად სხვა შემადგენლობისაა, რაც წინა სეზონში იყო.

“ა” ლიგაში და სუპერლიგაშიც განმსაზღვრელი ისაა, როგორი ქართველი მოთამაშეები გყავს, რადგან ლეგიონერთა დონე და რაოდენობა თითქმის თანაბარია. ამიტომაც, იმ გუნდს დიდი უპირატესობა აქვს, რომელსაც ძლიერი ქართველები ჰყავს. სოხუმი საქართველომ რომ გაიმარჯვა, საბა გეგუჩაძის დიდი დამსახურებაა. მეოთხე პერიოდში საბამ მიჯრით 3 სამქულიანი ჩააგდო და ზოგადად, სოხუმი საქართველოს მიერ ჩაგდებული 5 სამიანი მთლიანად გეგუჩაძეზე მოდის.

მესამე პერიოდის ბოლო წამზე გეგუჩაძემ თავის მოედნიდან შორეული სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა – 66:66. მეოთხე პერიოდი სოხუმელებმა შტურმით დაიწყეს, მეტოქეს 8:0 გაექცნენ – 74:66 დაწინაურდნენ და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. სოხუმელებმა ძალიან ბევრი საჯარიმო ააცილეს, მაგრამ ძალიან ბევრიც ესროლეს – 41-დან 24.

გამარჯვებულებს 29 ქულით დეშონ პარკერმა ულიდერა, გეგუჩაძემ 24 ქულა დააგროვა, 16 ქულა პი ჯეი ბერდის ანგარიშზეა. ვერაში 28 ქულით, 9 პასით და 6 მოხსნით ნაიჯელ სკანტელბერი გამოირჩა. 22 ქულა დააგროვა აზარია სეიმ, ხოლო 13 – გიორგი გეგუჩაძემ.

ასტრალი – თელავის ბურჯი
სტატისტიკა: 86:95

თელავის ბურჯმა ბევრი იბრძოლა, “ა” ლიგაში რომ დაბრუნებულიყო და კახური გუნდისთვის სეზონის გამარჯვებით დაწყება ნამდვილად ალალია. ნიკა ჩაველაშვილის გუნდმა “ა” ლიგის საგზური 2 წლის წინ დაკარგა და მას შემდეგ ცდილობდა დაბრუნებას. ამ სეზონის საკვალიფიკაციოში კახურმა გუნდმა დრამატულ ბრძოლაში გააგდო ახალშექმნილი გუნდი “მთიელი”, რომელთანაც პირველი მატჩი 26 ქულით წააგო, თუმცა მეორეში ამაზე მეტით იმარჯვა და მომდევნო რაუნდში “თბილისი სითის” დამარცხებით “ა” ლიგაში შევიდა.

გუნდის წევრებმა საკვალიფიკაციოში იმხელა გამოცდილება მიიღეს, რომ პირველ ტურში საკმაოდ გამოცდილი მეტოქის მიუხედავად, გამარჯვება მოიპოვეს. ასტრალი “ა” ლიგის საკმაოდ სტაჟიანი და კარგი ორგანიზაციაა, რომელსაც სუპერლიგაში გადასვლის ამბიცია სულ აქვს. ასე იქნება ამჯერადაც, თუმცა პირველ ტურში თელაველებთან ასტრალს არ გაუმართლა. ბექა ჩიკვილაძის გაწვრთნილი ასტრალი ბოლომდე იბრძოდა, რამდენჯერმე დაწინაურდა კიდეც, მაგრამ თელაველთა დაბალანსებული თამაშის წინააღმდეგ ვერას გახდა.

თელაველებს ცენტრმა, სედრიკ ტურმანმა ულიდერა, რომელმაც 19 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. 20 ქულა და 7 მოხსნა გუჯა ხვედელიძემ მიითვალა, ხოლო ტაილერ ბრევარდის ანგარიშზე 19 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. ასტრალში საუკეთესო იყო ალონზო მაკგი, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო. 16 ქულა და 15 მოხსნა გიორგი კოპაძის ანგარიშზეა.

თსსუ – ვსა
სტატისტიკა: 78:82

“ა” ლიგის დებიუტანტთა მატჩი მთლიანობაში საინტერესო, თუმცა ცოტა უცნაური გამოდგა. უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ შეხვედრის ბედი ყველას გარკვეული რომ ეგონა, ვითარება დაიძაბა. თავად განსაჯეთ, მატჩის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები რჩებოდა და ვსა მეტოქეს 18 ქულით – 78:60 უგებდა. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, გიორგი ობგაიძის ორქულიანის შემდეგ სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. თსსუ 78:80 აგებდა და სენსაციის მოხდენის ზღვარზე იყო. სამედიცინო უნივერსიტეტელებს შანსიც მიეცათ – კამერონ ვორენსის გარბენის შედეგად შეტევის უფლება მოიპოვეს და დამაწინაურებელი სამქულიანიც ესროლეს, მაგრამ… საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე ზაურ გრიგოლაშვილმა, რომელსაც ქულა არ ჰქონდა მოპოვებული, პოტენციურად გამარჯვების მომტანი სროლა ააცილა და ყველაფერიც იქ დასრულდა. ჯერმეონ ჰედმა, ბოლო წამებზე 2 საჯარიმო ჩააგდო და ვსა-ს გამარჯვება გაუნაღდა.

თსსუ-მ აჩვენა ბოლომდე ბრძოლის საუკეთესო მაგალითი. ეს გახლავთ გუნდი, რომელიც 22-წლამდელთა ჩემპიონატში, ასევე სტუდენტურ ლიგაში გამოდის. ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილ გუნდს “ა” ლიგაში მხოლოდ 2 ლეგიონერი – ბრენდონ ჰალიბარტონი და ასტონ მორტონი ჰყავს დამატებული. პირველმა დღევანდელ მატჩში 6 ქულა, 4 პასი და 2 ქულა დააგროვა, ხოლო მეორემ – 16 ქულა და 12 მოხსნა. ანუ მათ დიდად გამორჩეულად არ უთამაშიათ – გუნდის ბირთვს და გამწევ ძალას მშრომელი ახალგაზრდები შეადგენენ, რომლებმაც ლეგიონერების დახმარებით საკმაოდ სოლიდურ გუნდთან მატჩში ლამის სენსაცია მოახდინეს.

ვსა დაბალანსებული გუნდია, რომელსაც უცხოელი მწვრთნელი – ბორის პეტე წვრთნის. გუნდის არსენალში 4 ლეგიონერი – კრისტოფერ შეიფი, საშა ვუკსანოვიჩი, კამერონ ვორენსი და ჯერმეინ ჰედი. ამ უკანასკნელის ხელი ურევია იმაში, რომ გორის ივერიონი ახლა სუპერლიგაშია. ჰედის წინამძღოლობით გორის გუნდი წინა სეზონში ჯერ “ა” ლიგის ფინალში გავიდა და მისი წაგების შემდეგ საკვალიფიკაციო რაუნდში “ტიტების” ძლევით მოიპოვა სუპერლიგის საგზური.

ვსა მოუმატებს და სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძოლებს, ხოლო თსსუ სულ ასე ბრძოლაში იქნება. წინ საინტერესო სეზონია.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116096