ფეხბურთი

19:07 | 9.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "მეცში" თამაშისთვის დავბრუნდი, ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ"

„მეცში“ გიორგი მიქაუტაძე წარადგინეს, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფრანგულ გუნდში თამაშისთვის დაბრუნდა, რისი შესაძლებლობაც „აიაქსში“ არ ჰქონდა.

„აიაქსში“ ძნელი იყო, რადგან მე კონკურენტუნარიანი ვარ და მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ შემიძლია თამაში, მაგრამ თუ ამის საშუალება არ გეძლევა, შეუძლებელია შენი შესაძლებლობები წარმოაჩინო. თუმცა, ახლა აქ დავბრუნდი, რათა თავიდან დავიწყო ყველაფერი. „აიაქსში“ მწვრთნელთან საუბარი მქონდა, მითხრა, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ჩემს პოზიციაზე თამაშის საშუალება არ მქონდა. ფიზიკურად კარგად ვარ, „აიაქსში“ კარგად, ინტენსიურად ვვარჯიშობდი, ნაკრებშიც ვითამაშე, სადაც გოლებიც გავიტანე.

როცა დრო მქონდა, „მეცის“ მატჩებს ვუყურებდი. ვიცი, რომ აქ დაბრუნებით ჩემზე ზეწოლაა, მაგრამ ეს დადებითი ზეწოლაა, რაც მაიძულებს, რომ ხალხს კიდევ უფრო მეტი დავუმტკიცო. კიდევ ერთხელ მადლობა ფანებს, რომლებიც პარასკევს ასე თბილად დამხვდნენ, ამან ჩემზე იმოქმედა. ისევ შევხვდი მწვრთნელს და ეს მახარებს, ბედნიერი ვარ, რომ მასთან კვლავ ვიმუშავებ, ჩვენ მამა-შვილური ურთიერთობა გვაქვს. ბევრს მელაპარაკება და რჩევებს მაძლევს, ყოველთვის მიბიძგებს, რომ მაქსიმუმი გავცე.

დიდი ხანი არ მიფიქრია, როცა აქ დაბრუნების შანსი გამიჩნდა. „აიაქსში“ რთული პერიოდი მქონდა, რადგან მინდოდა მეჩვენებინა რისი უნარი მქონდა, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა. იქ მშიერი ვიყავი, ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდა: კვირის მატჩი, რაც შეიძლება მალე მოვიდეს“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ ის „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა, სადაც 9 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

„მეცმა“ ლიგა 1-ში ბოლო ოთხი თამაში წააგო და პირველი წრის დასრულების შემდეგ 16 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას კი მხოლოდ 2 ქულა აშორებს. ლაშლო ბოლონის გუნდს უახლოესი მატჩი ლიგა 1-ში 14 იანვარს, „ტულუზთან“ ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130188