კალათბურთი

11:30 | 8.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ სეზონის სარეკორდო შედეგი აჩვენა, "ორლანდომ" OVERTIME-ში მოიგო (+VIDEO)

ორლანდო მეჯიქმა კიდევ ერთი მატჩი მოიგო ოვერტაიმში და ამაში გოგა ბითაძის დამსახურება უდიდესია. ფლორიდულმა გუნდმა ატლანტა ჰოუქსს უმასპინძლა და დამატებით დროში – 117:110 დაამარცხა. ორლანდოელთა ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა. ბითაძის 14 მოხსნა მისთვის მიმდინარე სეზონის სარეკორდო შედეგია.

გოგამ მოედანზე 27:35 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა და 14 მოხსნა (7 შეტევაში, 7 დაცვაში) დააგროვა. გოგამ 6 ცდიდან 5 ორქულიანი ჩააგდო და ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა. მას 3 ჩაჭრა და 2 დაფარებაც ჰქონდა, ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და ეს ყველაფერი მის დიდ სარგებლიანობაზე მიანიშნებს.

ტრავმის გამო არ უთამაშია ორლანდოს მეორე ცენტრსა და ბითაძის კონკურენტს, ვენდელ კარტერს. მის გარდა მეჯიქს აკლდა ფრანც ვაგნერი და გარი ჰარისი, თუმცა გოგას, პაოლო ბანკეროს, მორიც ვაგნერის და გუნდის სათადარიგოების დიდებული თამაშის წყალობით ორლანდოელებმა სეზონში 21-ე გამარჯვება მოიპოვეს.

პაოლო ბანკერომ (35 ქულა, 13/29, 10 მოხსნა) ზედიზედ მესამედ შეძლო მინიმუმ 30 ქულის ჩაგდება – აქედან 8 ქულა მას ოვერტაიმში ჰქონდა. და აქვე ვთქვათ, რომ ორლანდო ოვერტაიმში დომინირებდა.

21 მოგებითა და 15 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. ბითაძის გუნდი 10 იანვარს ნბა-ს ერთ-ერთი დომინანტი და ბუნტისთავი ცენტრის მყოლ მინესოტას უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114356