ფეხბურთი

2:25 | 30.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "ეს თამაში მთელი სეზონის კადრია"

„ნაპოლიმ“ სერია A-ს მე-18 ტურში შინ „მონცა“ ვერ დაამარცხა (0:0), იტალიურმა მედიამ კი ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა. ქართველს მაღალი ქულები არ დაუწერეს, მაგრამ თანაგუნდელებთან შედარებით მაინც გამოარჩიეს.

Mediaset 6 ქულა: „ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი, ვინც ამოუცნობ „ნაპოლიში“ რაღაცის გაკეთებას ცდილობს“.

Tuttonapoli 5.5 ქულა: „ცდილობს ერთი-ერთზე თამაშს და პერეირა რამდენჯერმე აიძულა დაჯარიმებულიყო. პირველი ტაიმის ბოლოს არ გაუმართლა, რასპადორისთან სამკუთხედის შემდეგ კი, უკეთ დარტყმა მართებდა, მაგრამ ის ერთადერთია, ვინც მეტოქეს რეგულარულად ატყუებს“.

Tuttomercatoweb 5 ქულა: „მატჩი, რომელიც მთელი სეზონის კადრს ჰგავს. ის ყველანაირად ცდილობდა განსხვავების შექმნას, მაგრამ ძალიან ბევრის დარბის, ალბათ მეტისმეტადაც და ეს არ აძლევდა საშუალებას საჭირო მომენტში განსხვავება შეექმნა“.

Eurosport 5.5 ქულა: „თითქოს ერთადერთია, ვისაც შეუძლია მაძარის ერთფეროვანი ბურთის ფლობა დრიბლინგით დაარღვიოს. ჯადოსნური წვეთები ჩანს, მაგრამ საკვანძო მომენტებში მკვლელის ინსტინქტი აკლია. ეს მატჩი არის იმის სურათი, რომ საჯარიმოში ჯერ კიდევ სჭირდება გაუმჯობესება, რათა ევროპული ფეხბურთის მწვერვალს მიაღწიოს. დღესაც კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. თუმცა, გუნდმა და მაძარიმ უნდა ჩააყენონ იდეალურ პირობებში, რათა კარის წინ ცივსისხლიანი იყოს. დღესაც ბევრი კილომეტრი უკან ირბინა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა. „ნაპოლი“ 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ შეიძლება ტურის დასრულების მერე მერვე პოზიციაზეც იყოს. ვალტერ მაძარის გუნდი მომდევნო ტურში 7 იანვარს, სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდება. სხვათა შორის, "აძურის" ბოლო სამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109904