სხვა

14:10 | 23.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-მა 2023 წელი შეაჯამა

სასტუმრო "პულმან თბილისი აქსის თაუერსში" ჩატარდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია.

სესიაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

სესიის დელეგატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2023 წელს გარდაცვლილ სპორტულ მოღვაწეთა და სპორტსმენთა ხსოვნას.

დამსწრე საზოგადოებას სეოკ-ის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან ისაუბრა 2023 წლის მთავარ სპორტულ ამბებზე, მიღწეულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე. ითქვა, რომ უმთავრეს საერთაშორისო შეჯიბრებებში მნიშვნელოვანი გამარჯვებებია მოპოვებული ძიუდოში, ძალოსნობაში, ჭიდაობაში, ფარიკაობაში, კრივში, ბატუტზე ხტომაში, ფიგურულ ციგურაობაში და არაერთ სხვა სახეობაში. მხოლოდ ოლიმპიურ სახეობებში და დისციპლინებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოვიპოვეთ 50-ზე მეტი მედალი.

წლევანდელი სპორტული შედეგებიდან სეოკ-ის პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო ქართველ ძიუდოისტთა შესანიშნავი გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე, აგრეთვე მესამე ევროპულ თამაშებზე და უკვე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის ტატო გრიგალაშვილის აღიარება, როგორც ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტისა; ლაშა ტალახაძის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის სარეკორდო, მეშვიდე ტიტულები და მისი თითქმის ათწლიანი ლიდერობა მსოფლიო ძალოსნობაში;

სანდრო ბაზაძის დაწინაურება მსოფლიო რეიტინგის სათავეში, მისი აღიარება მსოფლიოს საუკეთესო მოხმლავედ და დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ვერცხლის მედალი ფარიკაობაში;

მოკრივეთა ისტორიული შედეგი - ერთბაშად სამი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე;

ბატუტზე მხტომელთა პირველი გუნდური მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე;

ტაეკვონდოში ზურაბ კინწურაშვილის სენსაციური გამარჯვება მესამე ევროპულ თამაშებზე;

ანასტასია გუბანოვას მიერ საქართველოს სახელით მოპოვებული ევროპის ჩემპიონის პირველი ოქროს მედალი ფიგურულ ციგურაობაში;

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების პირველი გასვლა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე;

ხელბურთელთა ეროვნული გუნდის მიერ პირველად მოპოვებული ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური.

ჩვენი ლეგენდარული ტყვიის მსროლელის - ნინო სალუქვაძის უნიკალური და რეკორდული მიღწევა -ოლიმპიური თამაშების მეათე ლიცენზიის მოპოვება.

აღინიშნა, რომ 2023 წელს საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია მონაწილეობდა 3 მთავარ ევროპულ მულტისპორტულ შეჯიბრებაში: ევროპულ თამაშებში, ზაფხულისა და ზამთრის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებში.

სამივე ამ ტურნირზე ჩვენმა სპორტსმენებმა მოიპოვეს მნიშვნელოვანი გამარჯვებები.

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მე-3 ევროპულ თამაშებს, რომლის პროგრამა სპორტის 26 სახეობას, მათ შორის - 19 ოლიმპიურ დისციპლინას მოიცავდა. თამაშების პროგრამაში არ იყო ჩვენთვის წარმატებული სახეობები - ჭიდაობა, ძალოსნობა და სამბო, ძიუდოისტები კი მხოლოდ გუნდურად გაეჯიბრნენ ერთმანეთს, მიუხედავად ამისა, პოლონეთში ოთხჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი, გუნდურ ჩათვლაში კი 9 მედლით მე-19 შედეგი ვაჩვენეთ - პირველ თამაშებთან შედარებით, 2 საფეხურით დავწინაურდით.

როგორც ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, სეოკ-ი ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, თავის მხრივ ყოველწლიურად იზრდება სპორტის ბიუჯეტი. სპორტის განვითარებისთვის ახლო წარსულში გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს ახლანდელს თუ შევადარებთ, დავინახავთ ძალიან მკაფიო და თვალსაჩინო სურათს: ქართული სპორტის დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება, თანაც - დიდი მოცულობით.

შესაბამისად, იზრდება მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებისთვის, სპორტის ცალკეული სახეობების განვითარებისთვის, სპორტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების სტიმულირებისთვის, სხვა აუცილებელი საჭიროებებისთვის გამოყოფილი სახსრები. ეს მხარდაჭერა არის ერთგვარი გარანტია იმისა, რომ არ შეფერხდეს წინსვლის დინამიკა და შევძლოთ ახალი სპორტული სიმაღლეების აღება.

მთავარი სპორტული სიმაღლე, რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშებია. შესაბამისად, ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლა განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა, ოლიმპიურ არენებზე მოპოვებული თითოეული გამარჯვება კი - ისტორიული მოვლენა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ჩვენ უკვე გვყავს პარიზის თამაშების 16 დადასტურებული და გარანტირებული ლიცენზიანტი და ეს რიცხვი, მინიმუმ, უნდა გავაორმაგოთ. ამისთვის დროც გვაქვს, რესურსიც და მოტივაციაც.

ლერი ხაბელოვი შეეხო ისეთ აქტუალურ და მტკივნეულ თემას, როგორიცაა დოპინგი და მასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. ასევე ისაუბრა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალისთვის მზადების საკითხებზე. ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 2025 წელს ბაკურიანთან ერთად უმასპინძლებს თბილისი და ბათუმი. ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ზამთრის სპორტისთვის შევქმნათ ახალი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდა პერსპექტიულ სპორტსმენებს მივცეთ განვითარების მეტი საშუალება.

პარიზი-2024-ისთვის მზადების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა. მან დეტალურად ისაუბრა ლიცენზიანტებზე, მომავალ სალიცენზიო ტურნირებზე, ოლიმპიური დელეგაციის ფორმირების, აკრედიტაციის, ცივილური და სპორტული სამოსით უზრუნველყოფის, აკრედიტაციის და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

ბაკურიანი-2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის მზადების მიმდინარეობის შესახებ, დამსწრე საზოგადოებას ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა ,,ბაკურიანი 2025"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ მამუკა ხაბარელმა. აღინიშნა, რომ მთავრობის, სამინისტროს და სეოკ-ის მხარდაჭერით ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ამ მნიშვნელოვან მულტისპორტულ შეჯიბრებას.

სესიის გადაწყვეტილებით, სეოკ-ის აღმასკომის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე, რომელიც ბოლო 2 წლის მანძილზე არ დასწრებია სეოკ-ის აღმასკომის არც ერთ სხდომას და სეოკ-ის სესიას; სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ვარლამ ლიპარტელიანის ნაცვლად, როტაციის წესით, სეოკ-ის აღმასკომის წევრად აირჩიეს ამ კომისიის მოქმედი თავმჯდომარე გოგიტა არქანია. აღმასკომის წევრად ასევე აირჩიეს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ქალაქ გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაისურაძე.

სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარე გოგიტა არქანია, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სეოკ-ის იმერეთის რეგინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები - ლუკა კურტანიძე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი პავლე კასრაძე და საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ფალავანდიშვილი. სესიაზე საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია მიღებულ იქნა სეოკ-ის წევრად.

შემდეგ გაიმართა სეოკ-ის ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის მერიის სპორტის სამსახურის და საკრებულოს სპორტის კომისიის ხელმძღვანელები. სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ,,ბაკურიანი 2025" -ის ხელმძღვანელები, სეოკ-ის პარტნიორები, სხვა მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. დაჯილდოების ცერემონიალს უძღვებოდა ცნობილი სპორტული კომენტატორი დიმიტრი ობოლაძე.

მეტოქის მიერ გამოვლენილი გულისხმიერებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა, ევროპის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალოსანს მათე გველესიანს (ძიუდო). მესამე ევროპულ თამაშებზე მიღწეული უმაღლესი შედეგისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ აღნიშნული თამაშების ჩემპიონები - ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვონდო) და ლუკა შონია (კიკბოქსინგი).

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები:

1. 2023 წლის აღმოჩენა-,,ოლიმპიური იმედი" (გოგონა) - მარიამ რაგიმოვი, ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

2. 2023 წლის აღმოჩენა-,,ოლიმპიური იმედი" (ვაჟი)- გიორგი თოხაძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი.

3. 2023 წლის საუკეთესო სპორტული გუნდი - საქართველოს ძიუდოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები გუნდი, 2023 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის და მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონი.

4. ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - დამსახურებული სპორტული ჟურნალისტი დავით ქლიბაძე.

5. 2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში - თორნიკე შენგელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი.

6. 2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ანასტასია გუბანოვა, ფიგურულ ციგურაობაში 2023 წლის ევროპის ჩემპიონი.

7. 2023 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი - ლაშა გუჯეჯიანი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

8. ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ევროპულ თამაშებზე სტაბილურად ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგებისთვის - სანდრო ბაზაძე, 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონი, მსოფლიო თასის მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავე.

9. ოლიმპიური სპორტის მთავარი მხარდამჭერი - სეოკ-ის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი. რომელიც მრავალი წელია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორია. დროის ამ მონაკვეთში არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდა - მათ შორის, ქართველ სპორტსმენთა ხელშესაწყობად, წლის ყველაზე წარმატებულ ათლეტთა წასახალისებლად, ოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციისთვის, მომავალ ოლიმპიელთა მხარდასაჭერად, მათი ცნობადობის და მოტივაციის ასამაღლებლად.

10. 2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი - ლაშა ტალახაძე, 2- გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 7 - გზის მსოფლიოს და 7- გზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური და მსოფლიოს რეკორდსმენი, ლაშა ტალახაძეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მეშვიდედ ერგო. ლაშას ასევე გადაეცა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სპეციალური ჯილდო. ლეგენდარული ძალოსანს წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციისთვის განკუთვნილი სპეციალური ჯილდო ,,ოლიმპიური ალი" გადასცეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

11. ქართული სპორტის სიამაყე - ნინო სალუქვაძე, ოლიმპიური თამაშების ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, 9 ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ქალბატონმა ნინომ წლევანდელ ევროპულ თამაშებზე მოიპოვა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია და მე-10 იასპარეზებს ოლიმპიურ თამაშებზე, ნინო სალუქვაძე გახლავთ მსოფლიოში პირველი ქალატონი, რომელიც ზედიზედ მეათედ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში. ლეგენდარულ ტყვიის მსროლელს, სპეციალური ჯილდო გადასცა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ ცნობილი მოქანდაკის ლევან ვარდოსანიძის მიერ შექმნილი სპეციალური ჯილდოები.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134354