კალათბურთი

12:43 | 2.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის და მამუკელაშილის 3-იანები: "ორლანდომ" ზედიზედ მე-9 მოიგო

"ორლანდო მეჯიქი" აგრძელებს თავის ჯადოსნურ სვლას. გოგა ბითაძის გუნდმა ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო, რითაც სატურნირო მდგომარეობა და ცხადია, რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. "ორლანდომ" 2 დღის წინ ძლეულ "ვაშინგტონს" ერთი მარცხიც აგემა – ამჯერად 130:125.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მიახლოებითი სტანდარტული დრო – 24 წუთი გაატარა. ამჯერად ბითაძე შედარებით მოკრძალებული იყო: 3 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 2 დაფარება. უცნაურია და, ბითაძემ მთელს შეხვედრაში 1 სროლა განახორციელა – სამქულიანი ჩააგდო. საუკეთესო მატჩი ჰქონდა პაოლო ბანკეროს, რომელმაც 28 ქულა, 13 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.

14 მოგებითა და 5 მარცხით "ორლანდო" აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოსტონის შემდეგ მე-2 ადგილზეა. დაამრგვალებს მიჯრით მოგებებს "მეჯიქი"? ეს ხვალვე გამოჩნდება, როცა "ორლანდო" მომდევნო მატჩს ბრუკლინში ჩაატარებს. სხვათა შორის, ბოლო მარცხი ბითაძის გუნდმა სწორედ ბრუკლინში, 14 ნოემბერს განიცადა, რის შემდეგაც ზედიზედ 9 მატჩი მოიგო.

მოედანზე გამოჩნდა "სან ანტონიოს" წევრი სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც როტაციის გამო გრეგ პოპოვიჩი დიდად აღარ სწყალობს. "ნიუ ორლეანთან" 106:121 წაგებულ შეხვედრაში ქართველი ცენტრი მოედანზე 6 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. სანდრომ 2 სამქულიანიდან 1 ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა.

„სან ანტონიოსთვის“ ეს იყო ზედიზედ მე-14 წაგება, რის შედეგადაც დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა (3 გამარჯვება, 16 მარცხი), მომდევნო შეხვედრას კი 7 დეკემბერს, სტუმრად „მინესოტასთან“ გამართავს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115431