ფეხბურთი

14:22 | 24.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების დადებითი ბალანსი ლუქსემბურგთან, კატასტროფული - საბერძნეთთან

საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის პლეი-ოფი ელოდება, სადაც მეორე შანსს მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გასასვლელად.

ვილი სანიოლის გუნდის პირველი კონკურენტი ლუქსემბურგია, მეორე საბერძნეთი ან ყაზახეთი. საქართველოს ნაკრებს სამივესთან თამაშის საკმაო გამოცდილება აქვს, ორ მათგანთან კი დადებითი ბალანსი გააჩნია. საქართველოს ნაკრების ურთიერთშეხვედრების ისტორია ლუქსემბურგის, საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებთან ასეთია:

საქართველო ლუქსემბურგთან - 2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება

სტუმრად: 2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება

საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან დადებითი ბალანსი აქვს, მაგრამ ოფიციალური მატჩში ჯერ არ შეხვედრია. აქამდე ოთხივე დაპირისპირება ამხანაგური სტატუსით შედგა.

2001 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს 3:0 აჯობა. ამ შეხვედრაში დაბრუნდა ნაკრებში ალექსანდრე ჩივაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე. დუბლი შეასრულა გიორგი დემეტრაძემ, რომელიც ეროვნულ გუნდში მისთვის პირველი გოლები იყო, ერთიც რატი ალექსიძემ გაიტანა. საინტერესოა, რომ მოედანზე იყო ლუკ ჰოლცი, რომელიც ამჟამად ლუქსემბურგის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

მეორე დაპირისპირება 2007 წლის 22 აგვისტოს შედგა. თუმცა, ამჯერად კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა, რომელმაც მანამდე ურუგვაი და თურქეთი დაამარცხა, ლუქსემბურგს ვერ აჯობა - 0:0.

2012 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი ჯერჯერობით ბოლოჯერ დაამარცხა ლევან მჭედლიძისა და ალექსანდრე ამისულაშვილის გოლებით (2:1). ბოლო დუელი 2018 წლის 5 ივნისს შედგა, როდესაც ნაკრებს ვლადიმირ ვაისი წვრთნიდა. ლუქსემბურგელებმა ეს თამაში მოიგეს (1:0).

საქართველო საბერძნეთთან - 0 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება

შინ: 0 მოგება, 0 ფრე, 4 წაგება. სტუმრად: 0 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება

ფინალში ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე საბერძნეთია, რომელთანაც საქართველოს ნაკრებს გადაუჭარბებლად თუ ვიტყვით, კატასტროფული ბალანსი აქვს: 9 მატჩი, 2 ფრე და 7 წაგება.

ბოლოს ისინი ერთმანეთს 2021 წლის 31 მარტს და 9 ოქტომბერს შეხვდნენ, როცა საქართველოს სწორედ ვილი სანიოლი წვრთნიდა. სალონიკში ოთარ კაკაბაძის ავტოგოლს ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა - 1:1. ეს მატჩი იშვიათი პოზიტივია საბერძნეთის ნაკრებთან. ბათუმში ბერძნებმა შემდეგ 2:0 მოიგეს.

კიდევ ორი დუელი თემურ ქეცბაიას დროს შედგა, ევრო 2012-ის შესარჩევ ეტაპზე. პირეოსში საქართველო პირველივე წუთზე ალექსანდრე იაშვილმა დააწინაურა, საბოლოოდ კი ქულა მოიპოვა (1:1). როგორც ხედავთ, ორივე ფრე საქართველომ საბერძნეთში ითამაშა, შესაბამისად, საქართველოში ელადელებთან ყველა მატჩი წაგებული აქვს (5). იმავე შესარჩევში თბილისში ბერძნებმა 2:1 მოიგეს.

მანამდე იყო 1996 წელს ამხანაგური მატჩი საბერძნეთის სასარგებლოდ 2:1. მერე ევრო 2000-ის შესარჩევი, სადაც მეტოქემ ორჯერვე მოიგო (3:0, 2:1) და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები, როდესაც ისევ ბერძნებმა იმარჯვეს ორივე თამაშში (3:1, 1:0).

საქართველო ყაზახეთთან - 3 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება

შინ: 1 მოგება, 2 ფრე. სტუმრად: 2 მოგება, 1 წაგება

ფინალის მეორე სავარაუდო მეტოქე ყაზახეთია, რომელთანაც საქართველოს ნაკრების ბალანსი დადებითია: 3 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება. პირველი დუელები 2006 წლის მუნდიალის შესარჩევში შედგა. საქართველომ სტუმრად 2:1 მოიგო გიორგი დემეტრაძის ეფექტური ჯარიმით, თავიდან კი ყაზახები იგებდნენ. ეს მატჩი 2005 წლის 17 აგვისტოს გაიმართა, იმავე წლის 8 ოქტომბერს კი თბილისში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. ეს ყაზახეთის პირველი ქულა იყო უეფას შესარჩევ ზონაში.

2013 წლის 14 აგვისტოს ამხანაგურ მატჩში ყაზახებმა შინ მოიგეს 1:0 და ეს მათი ერთადერთი გამარჯვებაა. 2016 წლის 29 მარტს, თბილისში ამხანაგური მატჩი 1:1 დასრულდა. საქართველო აგებდა და თორნიკე ოქრიაშვილმა გაათანაბრა. ეს იყო ვლადიმირ ვაისის სადებიუტო მატჩი საქართველოს ნაკრებში.

2018 წლის 6 სექტემბერსა და 19 ნოემბერს კი, ერთა ლიგის D დივიზიონში შედგა ორი მატჩი, რომლებიც საქართველომ მოიგო. ასტანაში 2:0, სადაც გიორგი ჩაკვეტაძემ ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო თბილისში ისევ ჩაკვეტაძისა და გიორგი მერებაშვილის გოლებით გამარჯვება ვაისის გუნდმა მოიპოვა (2:1), რითაც არათუ ჯგუფში, არამედ ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და ევრო 2020-ის პლეი-ოფში ნახევარფინალის მასპინძლობაც გაინაღდა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველო 21 მარტს ლუქსემბურგს უმასპინძლებს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში 26 მარტს ფინალში ისევ თბილისში, საბერძნეთს ან ყაზახეთს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114301