ფეხბურთი

2:20 | 20.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ბოლო ორი თვის განმავლობაში მოვუმატეთ, თავდაჯერებისთვის ეს კარგია"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის (1:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩაატარეს და მთლიანობაშიც, კმაყოფილია.

„ვფიქრობ, პირველი ტაიმი ძალიან კარგად ვითამაშეთ, კომპაქტურად ვითამაშეთ, ვცდილობდით კონტრშეტევებზე გადასვლას და რამდენიმე შანსიც გვქონდა. მეორე ტაიმში იგივე მოხდა, რაც წინა შეხვედრაში. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ კლუბებში და ეს მათთვის რთულია. მთლიანობაში საკმაოდ კმაყოფილი ვარ დღევანდელი მატჩით, როგორც დე ლა ფუენტეს ვუთხარი, ესპანეთი და საფრანგეთი ამჟამად მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდია.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალიან კარგად ვიმუშავეთ, ხარისხმა აიწია, იმ საშინელი 1:7-ის მერე ძალიან მოვუმატეთ. დღეს კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, ეს თავდაჯერებისთვის ძალიან კარგი იყო და რაც მოხდა, პოზიტიურ შედეგს გამოიღებს.

გავის ტრავმა? ფეხბურთელები ძალიან ბევრს თამაშობენ, სამწუხაროდ ტრავმები ფეხბურთის ნაწილია, ძალიან ვწუხვარ მის გამო, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, იმედი ვიქონიოთ, რომ მალე გამოჯანმრთელდება და დაბრუნდება ისეთივე ძლიერი, როგორიც აქამდე იყო.

ჩვენ საქართველო ვართ და უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, მეტი გვინდა და ვცდილობთ, უფრო მეტი გავაკეთოთ. ვიცოდით, რომ ეს რთული ჯგუფი იქნებოდა, ბევრი კარგი გუნდი იყო. კვიპროსი დავამარცხეთ, რასაც ბუნებრივად ვიღებთ, მაგრამ თუ ესპანეთთან ვაგებთ, ახსნა-განმარტებებს ითხოვენ, რაც რთულია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მარტისთვის მზად ვიყოთ და ვეცდებით, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე ვაჩუქოთ“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი A ჯგუფში 8 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა.მომდევნო მატჩს კი, ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში 21 მარტს ჩაატარებს, მეტოქე ლუქსემბურგის ან აზერბაიჯანის ნაკრები იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104011