ფეხბურთი

16:24 | 7.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი: "ჩემი მიზანი სერია A-ში დაბრუნება და ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე თამაშია"

„კრემონეზეს“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა Lo Sport Cremonese-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, საკუთარ თავზე, „კრემონეზეზე“, საქართველოს ნაკრებზე, დაჩი ლორთქიფანიძესა და მიზნებზე.

„კრემონეზეში“ თამაშით ნამდვილად ბედნიერი ვარ. აქ ყველაფერი მომწონს, კლუბიდან დაწყებული, კლუბის თანამშრომლებით დასრულებული, რომლებიც ძალიან თბილები და კეთილგანწყობილი არიან ჩემს მიმართ. კლუბის მიზანი ძალიან ამბიციურია და ამანაც იქონია გავლენა იმაზე, რომ გუნდში დავრჩი.

ზოგადად, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, გარდა ამისა, იტალიურად უკეთ საუბარს ვიწყებ და ეს საშუალებას მაძლევს, ურთიერთობა ყველასთან მქონდეს და მათთან დრო გავატარო. ახლა, როცა იტალიური ენა უკეთ მესმის, ყველაფერი უფრო ადვილია.

კრემონა პატარა ქალაქია, მაგრამ ნამდვილად ძალიან მომწონს. ვაფასებ იმ დამოკიდებულებას, რომელიც ხალხს ჩვენთან, ფეხბურთელებთან აქვს. თავისუფალ დროს ხშირად დავდივარ ცენტრში, რაც ძალიან სასიამოვნოა, მეუღლესთან ერთად ყავის დასალევად გავდივარ.

ვაღიარებ, რომ სერია B-ს სტილს აქამდე არ ვიცნობდი, ჩემმა თანაგუნდელებმა მიამბეს, რომლებსაც აქ უკვე ნათამაშები ჰქონდათ. ყველა მატჩი რთულია და ყველა მეტოქე ბოლო წუთამდე იბრძვის, მაგრამ ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია კარგი შედეგის ჩვენება, რადგან ძლიერი გუნდი ვართ. არ გვაკლია ამბიცია და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ დავიბრუნოთ ის, რაც გასული სეზონის ბოლოს დავკარგეთ - დავბრუნდეთ სერია A-ში.

სერია A? ასეთ ჩემპიონატში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის მისწრაფებაა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ძალიან მაღალი დონეა და ძლიერი გუნდები არიან, იქ ადგილი რომ შეინარჩუნო, ბევრი უნდა იმუშაო. ჩემი ამბიციაა ისევ მივაღწიო ამ ეტაპებს და ევროტურნირებზეც მივიღო მონაწილეობა.

ეროვნული ნაკრები? შენი ეროვნული ნაკრების წარმოდგენა ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და საამაყოა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მაქვს. ახალგაზრდა გუნდი გვყავს და მჯერა, რომ მომავალში ნებისმიერი მეტოქისთვის რთული მეტოქეები ვიქნებით. ჩემი პირადი მიზანი საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე გასვლაა.

„კრემონეზეს“ ფანები? ძალიან მომწონს ისინი და პირველივე დღიდან კარგად მიმიღეს. შარშან, მიუხედავად მრავალი სირთულისა, რომელიც გვქონდა, ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ და არასდროს ნებდებოდნენ. ყოველთვის ვგრძნობ მათგან სითბოს და ეს არის ერთ-ერთი ასპექტი, რის გამოც კრემონაში თამაშით ბედნიერი ვარ.

დაჩი ლორთქიფანიძე? აქ მოსვლამდე მას არ ვიცნობდი, მაგრამ ამ პერიოდში დავმეგობრდით და მინდა გითხრათ, რომ სასიამოვნო სიურპრიზი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 18 წლისაა, ძლიერი ხასიათი აქვს და ყველაფერში პროფესიონალივით იქცევა. დარწმუნებული ვარ, რომ ნათელი მომავალი ექნება, შესაძლოა სწორედ „კრემონეზეში“, მაგრამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და ეს იცის“, - თქვა ლოჩოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ 2022 წელს ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან სერია B-ში 7 მატჩი ჩაატარა, თუმცა, ბოლო მატჩებში ძირითადში ადგილი დაკარგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11034