ფეხბურთი

22:41 | 20.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: "იუვენტუსში" დაბრუნება? არც არასდროს წავსულვარ"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ „იუვენტუსში“ მისი დაბრუნების შესაძლებლობაზე, იტალიური ფეხბურთის კრიზისსა და უკანონო ფსონების სკანდალზე ისაუბრა.

„ჩემი მოგზაურობის პერიოდში, გამარჯვებებით, წაგებებით, თუნდაც სერია B-ში წასვლით, რომელიც ყველაზე ბნელი მომენტი იყო, „იუვესთან“ განსაკუთრებული ურთიერთობა დავამყარე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ, არამედ 19 წელი ძალიან ბევრია. ხალხი მეკითხება: რატომ არ ბრუნდები „იუვეში“? მე ვპასუხობ, რომ არ უნდა დავბრუნდე, რადგან არც არასდროს წავსულვარ. გასაგებია, რომ დღეს გუნდში არ ვმუშაობ, იქნებ, მომავალში რამე შეიცვალოს, მაგრამ გუნდისგან თავს შორს არასდროს ვგრძნობ, ჩემი გულის დიდი ნაწილი იქ არის და ყოველთვის იქნება, ყოველთვის ერთი მიმართულებით.

„იუვენტუსში“ ყოველთვის დიდი წნეხის ქვეშ ხარ, რადგან ეს კლუბი ამოსავალი წერტილია, არა მხოლოდ „იუვენტუსის“ გულშემატკივრებისთვის, არამედ ყველა გუნდის ფანებისთვის. მას შემდეგ, რაც საყვარელი გუნდის შედეგს იგებენ, მერე „იუვეს“ თამაში რა შედეგით დასრულდა, იმას არკვევენ... იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ეს ცენტრალური კლუბია, მეტია, ვიდრე საფეხბურთო გუნდი. როდესაც ამდენი ზეწოლა და პასუხისმგებლობა გაქვს, განიცდი ცვლილებების მომენტებს, თაობათა ცვლას და წარმატებული პერიოდის დასრულებას, ცხადია, რომ ყველაფერი იდეალურად ვერ წავა. კლუბში ცვლილებები მიმდინარეობს და როგორც გულშემატკივარი, ვიმედოვნებ, რომ სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რადგან ველოდებით „იუვეს“ დაბრუნებას, რომელიც თავის სიტყვას არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაშიც.

ფსონების სკანდალი? დიდი და რთული თემაა, ჩემთვის ძნელად გასაგები. ადამიანისთვის სპორტი საკმარისი უნდა იყო, ჩემთვის მხოლოდ მინდორი არსებობდა. მქონდა წესები, ვიცოდი, რომ ნარკოტიკებსა და აზარტულ თამაშებს არ უნდა გავკარებოდი. მე არასოდეს გავაკეთებდი იმას, რაც ჩემს ოცნებას გაანადგურებდა. არც მანამდე, როცა ახალგაზრდა ვიყავი და არც შემდეგ, როცა წარმატებული გავხდი.

კრიზისი იტალიაში? ფაქტები უტყუარია. იტალიაში ფეხბურთი მოსაწყენი გახდა, რადგან დონე წარსულთან შედარებით დაეცა. აქ ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები მოდიოდნენ, ყველას აქ უნდოდა თამაში. ახლა, ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები პრემიერლიგაში, ლა ლიგაში მიდიან, ასევე საფრანგეთსა და გერმანიაში, მაგრამ იტალიაში - არა. ინგლისში კი ფეხბურთი მოსაწყენი არ არის. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიებმაც ითამაშა თავისი როლი, ტელეფონებისა და ვიდეო თამაშების ეპოქაში ბავშვებისთვის გართობის სურვილის დაკმაყოფილება მარტივია, რომელიც არ შეედრება ჩემს ბავშვობას. ციფრული სამყარო გვაძლევს უკეთ ცხოვრების საშუალებას, მაგრამ გვართმევს კრეატივს“, - თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო დელ პიერო "იუვენტუსში" 1993-2012 წლებში თამაშობდა და 705 მატჩში 289 გოლი გაიტანა. ის კლუბის ისტორიაში რეკორდსმენია, როგორც მატჩების, ისე გოლების რაოდენობით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113131