ფეხბურთი

15:28 | 18.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაჯოლი: "ფეხების დამტვრევით მემუქრებოდნენ, 3 მილიონის ვალი დამიგროვდა"

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ნიკოლო ფაჯოლიმ ისაუბრა ფსონების სკანდალზე და თქვა, რომ 3 მილიონი ევროს ვალი დაუგროვდა, რის გამოც არალეგალური საიტების მფლობელები ემუქრებოდნენ.

„მთელი ღამე არ მეძინა, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მეტ ვალში ვეფლობოდი. ჩემი ვალი სულ უფრო იზრდებოდა და აზარტულ თამაშებზე მხოლოდ ამ ვალის გასტუმრების მიზნით ვფიქრობდი. მეუბნებოდნენ, რომ ფეხებს დამიმტვრევდნენ, მაგრამ ვალი იმდენად გაიზარდა, რომც მომეგო, მაინც ვერ გადავიხდიდი.

21-წლამდე ნაკრებში ჩემმა ახლო მეგობარმა, ტონალიმ მირჩია არალეგალური საიტი, საიდანაც ვითამაშებდი, ვკითხე ამას როგორ აკეთებდა და მითხრა, რომ შემეძლო ამის გაკეთება, რადგან არანაირ კვალს არ ტოვებდა. დავრეგისტრირდი და პირველი ფსონები დავდე ჩოგბურთზე, შემდეგ საფეხბურთო მატჩებზეც. თავიდან ფსონებს იმიტომ ვდებდი, რომ ბევრი თავისუფალი დრო მქონდა და დრო გამყავდა. ეს ყველაფერი 2021 წლის ზაფხულში დაიწყო, 21-წლამდე ნაკრებში იგივეს სხვებიც აკეთებდნენ. შემდეგ უკვე სტრესში ვიყავი დაგროვილი ვალების გამო და გასული წლის სექტემბრიდან ფეხბურთიც დავიწყე დიდი თანხების დადება, ვცდილობდი სიტუაციის ასე გამოსწორებას. ვითამაშე, როგორც ეროვნული ჩემპიონატების, ისე საერთაშორისო მატჩებზე, მაგრამ არასდროს დამიდია ფსონი „კრემონეზეს“ ან „იუვენტუსის“ მატჩებზე, სადაც ვთამაშობდი.

ფსონი დავდე „მილანის“ გამარჯვებაზე ან ფრეზე „ტორინოს“ წინააღმდეგ, მაგრამ წავაგე, რადგან „ტორინომ“ 2:1 მოიგო. ასევე დავდე ფსონი „პორტუ“ – „ატლეტიკო“, „რეალი“ – „ინტერის“ მატჩებზე, ყველა შემთხვევაში არალეგალურ საიტებზე.

2022 წლის სექტემბერში 250 ათასი ევროს ვალი დამიგროვდა და დაიწყო ზეწოლა არალეგალური საიტების მფლობელების მხრიდან, ისინი თანხის დაფარვას მაიძულებდნენ. დრო და დრო ვაგრძელებდი ვალის დაფარვას. ჩემს ფსონებზე არასდროს მისაუბრია „იუვენტუსის“ მენეჯერებთან, ფეხბურთელებთან ან წევრებთან, რადგან არავის ვენდობოდი.

გატის და დრაგუშინს ვთხოვე ფული ვალების დასაფარად. ასევე, რამდენიმე მეგობრისა და თანაგუნდელისგან ვისესხე ფული, 40 ათასი ევრო, მათ ვუთხარი, რომ ფული საათის შესაძენად მჭირდებოდა, რადგან დედაჩემმა ანგარიშები დამიბლოკა. გატიმ მასესხა ფული, რომელიც მისთვის ჯერ არ დამიბრუნებია, ერთხელ ფული დრაგუშინმა მასესხა, რომელიც ახლა „ჯენოაში“ თამაშობს და ასევე მასესხეს პიაჩენცადან ჩემმა მეგობრებმა. ამ ფულით ძვირადღირებული საათები ვიყიდე, რათა არალეგალური საიტების მფლობელებისთვის მიმეტანა.

ჩემი ყველა ვალის გადახდას ვაპირებ, რომელიც ავიღე მეგობრებისგან და არ იცოდნენ რეალური მიზეზი, თუმცა არ ვაპირებ 3 მილიონის ვალი დავუბრუნო არალეგალურ საიტებს, რადგან ისინიც კანონს არღვევენ. ყველაზე უარესი პერიოდი 2023 წლის მარტიდან აპრილამდე გამოვიარე, როცა ისეთი საშინელი სტრესი მქონდა და შეშინებული ვიყავი, რომ „სასუოლო“ – „იუვენტუსის“ მატჩში შეცდომა დავუშვი და შემცვალეს. როგორც კი მოედნიდან გავედი, ტირილი დავიწყე, კამერების წინ ვფიქრობდი ჩემს პრობლემებზე, რომელიც ვალებთან იყო დაკავშირებული. მინდა დავაკონკრეტო, რომ შევწყვიტე ფსონების დადება და ვაპირებ მკურნალობის პროცესის გაგრძელებას“, - ციტირებს Tuttosport-ი ფაჯოლის სიტყვებს, რომელიც მან გამოძიებას უთხრა.

22 წლის ფეხბურთელმა შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა: „ვფიქრობდი, რომ პირველ რიგში ბოდიშს მოვუხდიდი არა მარტო „იუვენტუსის“, არამედ ფეხბურთის და სპორტული სამყაროს ყველა გულშემატკივარს იმ გულუბრყვილო შეცდომის გამო, რომელიც დავუშვი. მაგრამ არა, იძულებული ვარ იმ ნაგავზე გავაკეთო კომენტარი, რასაც ჩემზე გაზეთები და ხალხი წერს მხოლოდ იმისთვის, რომ ათასი სიცრუე დაწერონ ორი კლიკის მისაღებად. მალე ვისაუბრებ!“.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ფაჯოლის 7-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და მიმდინარე სეზონის ბოლო ორ ტურში მას თამაშის უფლება ექნება. გასულ სეზონში ფაჯოლი სერია A-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116135