ფეხბურთი

17:01 | 7.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მე-8 მატჩი წაუგებლად: "სამტრედიამ" "დინამო თბილისი" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტური სამტრედიაში დაიწყო, სადაც „დინამო თბილისი“ ადგილობრივ გუნდთან დამარცხდა, რითაც „დინამო ბათუმი“ ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

დიმიტარ კაპინოვსკის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია - ამ მატჩს 7-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდა და „დინამოც“ უქულოდ დატოვა. ანგარიში ძალიან სწრაფად, მეორე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ გახსნა და ტაიმიც იმერლებმა 1:0 მოიგეს, მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტი კიდევ არაერთხელ შექმნეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში სანდრო კალანდაძემ გაათანაბრა და „დინამოს“ მოგების შანსი გაუჩნდა, მაგრამ 5 წუთში ალეკსანდრ მიშოვმა მასპინძლები ისევ დააწინაურა. მე-80 წუთზე კი ნაჭყებიამ გოლს საგოლე პასი დაუმატა და რევაზ ინჯგიამ სხვაობა გააორმაგა. „დინამომ“ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ მხოლოდ ჩამორჩენის შემცირება მოახერხა, 96-ე წუთზე ანრი მექვაბიშვილის ლამაზი გოლით - 3:2. სხვათა შორის, "დინამო" ანდრეს კარასკოს ხელმძღვანელობით პირველად დამარცხდა.

„სამტრედიას“ ბოლო 8 ტურში საოცარი შედეგი აქვს - 5 მოგება, 3 ფრე. შედეგად, კაპინოვსკის გუნდს 29 ქულა აქვს და ჯერ კიდევ პლეი-აუტში, მერვე ადგილზეა, მაგრამ „თელავს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. „სამტრედია“ მომდევნო ტურში „ტორპედოს“ ესტუმრება.

„დინამო თბილისს“ 55 ქულა დარჩა და მეორეა, ხოლო „დინამო ბათუმს“ ამ ტურში შანსი ექნება 7-ქულიანი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდოს.

„სამტრედია“ – „დინამო თბილისი 3:2 (1:0)

გოლები: 1:0 ნაჭყებია (2), 1:1 კალანდაძე (56), 2:1 მიშოვი (61), 3:1 ინჯგია (80), 3:2 მექვაბიშვილი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113873