რაგბი

1:29 | 30.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "ფიჯისთან თუ გამარჯვება გვინდა, ყველა კომპონენტში ძლიერები უნდა ვიყოთ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ფიჯისთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან აღნიშნა, გუნდში საბრძოლო განწყობაა და მიზანია, რომ მეტოქეს ყელა კომპონენტში კონკურენცია გაუწიონ.

„გუნდში ყოველთვის საბრძოლო განწყობაა, ეს არასდროს დაგვკლებია. სამწუხაროა, რომ პორტუგალიასთან მეორე ტაიმში სათანადოდ ვერ შევძელით იმის შესრულება, რაც გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ის, რომ ბიჭებს განწყობა არ ჰქონდათ, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. რა თქმა უნდა, ფიჯის წინააღმდეგ საბრძოლო განწყობაა, არცერთ თამაშზე ამის გარეშე არ გამოვდივართ. მესმის, რომ რთულია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ წინა ტურში ჩვენგან ყველა ელოდა მოგებას, პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, აუცილებლად უნდა მოგვეგო, პასუხისმგებლობას არავინ გავურბივართ, განსაკუთრებით მე, ეს პასუხისმგებლობა სრულად მაქვს გააზრებული, თუმცა, ამით არაფერი მთავრდება, ფიჯისთან მატჩზე ვარ კონცენტრირებული.

დარწმუნებული ვარ, თუ ამ თამაშში გვინდა სასურველ შედეგს მივაღწიოთ, ყველა ასპექტში უნდა ვიყოთ ძლიერები. ეს არის ჩვენი გეგმა, ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. ჩვენი მიზანია, ყველაფერში ვიყოთ კონკურენტუნარიანები და ზიანი მივაყენოთ მეტოქეს. მე ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ სტარტი იქნება მნიშვნელოვანი, 80 წუთი უნდა იყოს ბრძოლა, სულისკვეთება, თავგანწირვა, რის გარეშეც რაგბი არ არსებობს“, - თქვა მაისაშვილმა.

კომენტარი გააკეთეს ლაშა ჯაიანმა და დემე თაფლაძემ:

ლაშა ჯაიანი: „ჩემი აზრით, კარგად მოვემზადეთ, ვიცით, რაც გვაქვს გამოსასწორებელი და ამაზე აქტიურად ვმუშაობდით. ფიჯის ნაკრებს პატივს ვცემთ, ეს ჩვენთვის ერთგვარი ფინალივით იქნება. ბოლო დროს ფიჯის ძალიან მომატებული აქვს, ვარსკვლავები ჰყავთ, თუმცა, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამ გუნდს ვაჯობოთ, თუ შევასრულებთ დავალებას, იმ შანსებს გამოვიყენებთ და პატარა შეცდომებს არ დავუშვებთ“.

დემე თაფლაძე: „ჩვენთვისაც ფინალია, მაგრამ ჩვენ ნაკლები წნეხი გვაქვს, ამიტომ უფრო კონცენტრირებულები და მოტივირებულები ვართ, გვაქვს მიზანი, რომ ვაჩვენოთ ის თამაში, რაც აქამდე უნდა გვეჩვენებინა. დიდი პატივისცემა გვაქვს ამ გუნდის მიმართ, ჩვენი ბოლო თამაშიდან ორივე გუნდი განვითარდა, ვიმედოვნებ, რომ ხვალ ერთ-ერთი გამორჩეული თამაში იქნება ამ მსოფლიო თასზე“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფიჯის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 19:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102991