ფეხბურთი

16:22 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" ტრავმირებული მცველები და საბა საზონოვის შანსი

„ტორინოში“ საბა საზონოვის დებიუტს ცნობილი გამოცემა Goal Italia გამოეხმაურა. ტურინულ გუნდს ალესანდრო ბონჯორნო დაუშავდა და საბასაც შანსი მიეცა.

თუმცა, ივან იურიჩის გუნდში სულ 3 ცენტრალური მცველია ტრავმირებული, ბონჯორნოს გარდა, კოფი ჯიჯი და დავიდ ზიმა, რომლებიც იურიჩის იერარქიაში უფრო წინ არიან, ვიდრე ქართველი ახალწვეული, მაგრამ საზონოვს შანსი აქვს სიტუაცია სათავისოდ შეცვალოს. იტალიური საიტი კი წერს:

„იურიჩი იძულებული გახდა ქართველი მცველი მოკლე დროში ჩაერთო თამაშში, რომელიც გუნდში ზაფხულის ბოლოს მივიდა. ივან იურიჩს „ტორინოში“ ადვილი საქმის გაკეთება ამ სეზონის სტარტზე არ უწევს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ პირობებს, რომელსაც „ტორინო“ ფიზიკური თვალსაზრისით დაცვაში აწყდება. ალესანდრო ბონჯორნოც დაშავდა „ლაციოს“ წინააღმდეგ.

გუნდმა დაკარგა არა მხოლოდ დაცვის, არამედ მთელი გუნდის ერთ-ერთი დასაყრდენი, იურიჩი იძულებულია ათამაშოს საბა საზონოვი, რომელიც გუნდმა ზაფხულის ბოლოს იყიდა. ბონჯორნომ „ლაციოსთან“ 26-ე წუთზე მოითხოვა შეცვლა და იურიჩმა მატჩის შემდეგ ტრავმა დაადასტურა.

„ტორინოსთვის“ ეს ცუდი ამბავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვა მცველების არ არიან ხელმისაწვდომი, იმიტომ, რომ „ტორინო“ ასევე კოფი ჯიჯის გარეშეა, რომელსაც საზარდულზე ოპერაციის გაკეთება მოუწია და შემდეგ იძულებული გახდა მეორედ გაეკეთებინა ოპერაცია. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის: ასევე ტრავმირებულია დავიდ ზიმა, რომელსაც აგვისტოში, „ლანსთან“ მატჩში კუნთის პრობლემის გამო გაჩერება მოუწია.

„ლაციოსთან“ თამაშის შემდეგ იურიჩმა დაცვაში საგანგებო სიტუაციაზე ილაპარაკა: „იმედი გვაქვს, რომ საზონოვს გუნდთან კარგად გავაერთიანებთ, თორემ დაცვაში საგანგებო მდგომარეობაში ვართ. საზონოვთან ერთად მხოლოდ 3 მცველი გვყავს და მას ბევრი აქვს სასწავლი“.

საზონოვმა „ლაციოსთან“ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მომდევნო მატჩებში, სანამ ბონჯორნო, კოფი ჯიჯი და ზიმა ტრავმირებული არიან, „ტორინო“ აქცენტს მასზე გააკეთებს“, - წერს გამოცემა.

ჯერჯერობით, უცნობია რამდენი ხანი იუქმებს ალესანდრო ბონჯორნო, მაგრამ სავარაუდოდ, სანაკრებო პაუზამდე ვერ დაბრუნდება, მანამდე კი „ტორინოს“ ორი მატჩი აქვს გასამართი, „ვერონასა“ და რაც მთავარია, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111671