ძიუდო

13:52 | 23.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს უმედლო დღე ბაქოს გრანდ სლემზე

ძიუდოში მიმდინარე ბაქოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის წარუმატებელი გამოდგა. დღეს, ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, მაგრამ ფინალურ ბლოკში ვერც ერთი გავიდა, შესაბამისად, მედლისთვის ბრძოლა ვერ მოახერხეს.

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა აზერბაიჯანელი ნურლან ოსმანოვისა და ყაზახი ჟანსაი სმაგულოვის ძლევით მეოთხედფინალში გასვლა შეძლო, სადაც რუს დანილ ლავრენტევთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, რომლის პირველ წრეში ესპანელ სალვადორ როკასთან ვერაფერი გააწყო და მედლისთვის ბრძოლის უფლებაც ვერ მოიპოვა.

ამავე წონაში უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა გიორგი ტერაშვილმა, რომელმაც თურქ ბაირამ კანდემირს და ლატვიელ აბულფას ნასიროვს აჯობა, მაგრამ რუს მახმადბეკ მახმადბეკოვთან მარცხით გამოსვლა დაასრულა.

81 კგ წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვილმა რუსი ტიმურ არბუზოვი და თურქი ვედათ ალბაირაკი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ იტალიელ ანტონიო ესპოზიტოსთან დამარცხდა, რის შედეგადაც მედლისთვის ვერ იბრძოლა. ამავე წონაში დიმიტრი გოგლიჩიძემ ჩეხ ადამ კოპეჩკის სძლია, მაგრამ იაპონელ კენია კოჰარასთან მარცხით ტურნირს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ბაქოს გრანდ სლემზე ერთადერთი ვერცხლის მედალია, რომელიც შეჯიბრის პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1185