ფეხბურთი

23:12 | 8.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ახლა ლაპარაკის დრო არ არის, კატასტროფა მოხდა და ეს მიუღებელია"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთის ნაკრებთან მატჩის (1:7) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს არ უპასუხა, მხოლოდ თამაში შეაფასა...

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ დარწმუნებული ვარ, ამ ორი წლის განმავლობაში გამიცანით და თქვენს შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ამას აზრი არ აქვს, ამიტომ, მხოლოდ თამაშს შევაფასებ.

ბოდიში მინდა მოვუხადო ფანტასტიკურ ქომაგებს, რომლებიც ჩვენი ცუდი თამაშის მიუხედავად ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ და მხოლოდ ისინი იმსახურებენ ქებას. კატასტროფულად ვითამაშეთ, შეიძლება ითქვას, არაფერი გამოგვივიდა, ბურთით და უბურთოდ, აბსოლუტურად ყველა ასპექტში თამაში ჩავაგდეთ.

ფეხბურთელებს დაველაპარაკები, გავაანალიზებთ, რაც მოხდა. კატასტროფული შედეგი იყო და ეს ეხება ყველას, მეც, სამწვრთნელო შტაბს და ფეხბურთელებსაც. გულწრფელად უნდა ვისაუბროთ და გავარკვიოთ რა დონეზე ვართ და რა დონეზე უნდა ვიყოთ, რადგან წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებია, როგორც ამ შესარჩევ ციკლში, ისე ერთა ლიგაზე.

ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, ეს ხდება, მაგრამ ამ დონეზე თამაშის ჩაგდება სრულებით მიუღებელია. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ამ მომენტში ლაპარაკს აზრი არ აქვს. ყველაფერი მოედანზე უნდა გამოჩნდეს და ძალიან მალე ნორვეგიაში ურთულესი თამაში გვაქვს, ყველა ამ შეცდომას თუ გავიმეორებთ, რაც დღეს დავუშვით, სრული კატასტროფა იქნება, ამიტომ, ახლა მხოლოდ შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ და არ გპასუხობთ შეკითხვებზე, მარცხის გამო ბოდიშს ვიხდი. ხვალ დაველაპარაკები გუნდს და ვიმუშავებთ, რომ მომდევნო მატჩი ღირსეული შედეგით დავასრულოთ“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს A ჯგუფში ოთხ შეხვედრაში 4 ქულა აქვს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 12 სექტემბერს, ოსლოში, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118565