ფეხბურთი

21:40 | 25.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

დემჩენკო: "მინდა დავამტკიცო, რომ ეს პოსტი დავიმსახურე და აქ შემთხვევით არავის მოვუყვანივარ"

ანდრეი დემჩენკო „დინამო ბათუმის“ მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინეს. პრეზენტაცია „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართა, სადაც უკრაინელმა სპეციალისტმა მიღებულ გამოწვევაზე ვრცელი კომენტარი გააკეთა.

„დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა ჩემთვის დიდი გამოწვევაა, მთავარი ფაქტორი, რასაც ამ ნაბიჯის გადადგმის დროს ჩავეჭიდე და გარკვეულწილად ჩემი მოტივაცია განსაზღვრამ იყო კონტრაქტში არსებული პირობა იმის შესახებ, რომ დინამო ბათუმი ჩემპიონობის და პირველი პოზიციის გარდა არ განიხილავს არც ერთ სხვა ადგილს ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში და სხვა შედეგი წარუმატებლობად ჩაითვლება, ამიტომ არის ეს სამუშაო ჩემთვის უდიდესი გამოწვევა და მინდა გავამართლო იმ ადამიანების იმედები, ვინც არჩევანი ჩემზე შეაჩერა. ენერგიით და ძალ-ღონით აღსავსე შევუდგები ჩემი მოვალეობების შესრულებას, მინდა დავამტკიცო, რომ ეს პოსტი დავიმსახურე და აქ შემთხვევით არავის მოვუყვანივარ.

რაც შეეხება გორის დილადან ჩემი წამოსვლის საკითხს, იმ ადამიანების გასაგონად ვინც გარკვეული ბრალდებები წამოაყენა ჩემს მიმართ მსურს განვმარტო, რომ მაშინ როცა გორის დილასთან კონტრაქტი მიმთავრდებოდა და უცხოეთიდან კარგი შემოთავაზება მქონდა კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდში დარჩენა მთხოვა და კონტრაქტში შეიტანეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ევროტურნირების ჩამთავრების შემდეგ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჩემი თავის გამოსყიდვა შემეძლო, ამას გორის დილას ხელმძღვანელობაც დაგიდასტურებთ.

დინამო ბათუმი საქართველოს ეროვნული ლიგის გამორჩეული გუნდია და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის ფლაგმანადაც იქცა, მე მინდა გავამყარო ეს პოზიციები და გუნდის წარმატებები გავამრავლო. იმის გათვალისწინებით, რომ კლუბს წელს 100 წელი უსრულდება კარგად ვხვდები და ვაცნობიერებ თუ რა საპასუხისმგებლო საქმე მელის წინ.

გია გეგუჩაძემ ამ გუნდში 6 წელი გაატარა და დიდი სამუშაო გასწია. აქ თავმოყრილნი არიან კარგი და კვალიფიციური ფეხბურთელები, მადლობა ჩემს წინამორბედს ასეთი გუნდის შეკრებისთვის, მე ჩემის მხრივ დარწმუნებული ვარ ჩემს ძალებში და 100 პროცენტით მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა. მინდა აღვნიშნო. რომ ამ ეტაპზე რადიკალურ ცვლილებს არ ვგეგმავ, რაღაცის დაშლა ყოველთვის უფრო ადვილია ვიდრე შენება, ამიტომ არსებულზე დავაშენებთ და მხოლოდ მცირე კორექტირებებს შევიტანთ, - აღნიშნა უკრაინელმა სპეციალისტმა.

წარდგენისას კომენტარი დინამო ბათუმის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემაც გააკეთა:

„მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ ანდრეი დემჩენკოს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. დინამო ბათუმი ბოლო წლებში ამბიციურად კლუბად ჩამოყალიბდა და ბატონ ანდრეისთან ფორს - მაჟორულ რეჟიმში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი. კლუბის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებთან ერთად მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ახალი მთავარი მწვრთნელის წარმატებულ მუშაობას და მე მჯერა რომ ჩვენ ერთად დინამო ბათუმს განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ“, - თქვა ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმსა“ და ანდრეი დემჩენკოს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113604