2022 წლის სექტემბერში ესპანეთის ქალთა ნაკრების 15-მა ფეხბურთელმა უარი თქვა ეროვნულ გუნდში თამაშზე და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ულტიმატუმი წაუყენა: სანამ მთავარი მწვრთნელი ხორხე ვილდა გუნდში იქნებოდა, ისინი ნაკრებში აღარ ითამაშებდნენ, რადგან სპეციალისტი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ზიანს აყენებდა.
გოგონები უკმაყოფილო იყვნენ მწვრთნელის ტაქტიკით და ევრო 2022-ის მოსამზადებელი ეტაპით. შარანდელ ევროზე ესპანელებმა მეოთხედფინალში წააგეს მომავალ ჩემპიონ ინგლისთან (1:2).
გოგონები ამტიცებდნენ, რომ ვილდამ გუნდში აუტანელი სიტუაცია შექმნა. მას ყველაფრის კონტროლი სურდა. Mundo Deportivo-ს ცნობით, შეკრების დროს ხორხე გოგონებს შუაღამემდე ოთახების კარებებს ღიად ატოვებინებდა და შემდეგ თავად ამოწმებდა, ყველა ადგილზე იყო თუ არა. მერე თავად კეტავდა და შუქსაც აქრობდა.
ასეთი ვითარება 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე გაგრძელდა. გოგონების პროტესტის შემდეგ შეიცვალა, თუმცა მათი უფლებები ისევ საკმაოდ შეზღუდული დარჩა.
ვილდას კონტროლი ყოველ ზღვარს სცილდებოდა. მაგალითად, მაღაზიებში წასულებს უნდა მოეხსენებინათ რომელ მაღაზიაში მიდიოდნენ, ვის ხვდებოდნენ და ა. შ. თან ჩუმად მეთვალყურეებსაც აყოლებდნენ. ბაზაზე მისვლისთანავე კი მათ ჩანთებს გულდასმით ჩხრეკდნენ.
მოკლედ, ფედერაციასთან მოლაპარაკების შემდეგ მოჯანყეთა უმეტესობა ნაკრებში დაბრუნდა, თუმცა მწვრთნელთან ურთიერთობა არ შეუცვლიათ. ახლა ესპანელ ჟურნალისტებს და სპეციალისტებს უკვირთ, როგორ მოახერხა მათმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფით მოგება, როცა გუნდი მწვრთნელს ხეირიანად არ ელაპარაკებოდა და არც მოსამზადებელი მეცადინეობები ტარდებოდა გამართულად.
რეპორტიორებმა შეამჩნიეს, რომ მუნდიალზე მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან გამარჯვების შემდეგ, ვილდა მინდორზე გაიჭრა საზემოდ, მაგრამ ფეხბურთელებმა მას ყურადღება არ მიაქციეს.
ტურნირის ნახევარფინალში შვედებთან გამარჯვების შემდეგ კი ესპანელთა მთავარვარსკვლავმა, „ოქროს ბურთის“ მფლობელმა, ალექსია პუტელასმა, მას ხელი არ ჩამოართვა.
ახლა ყველა ინგლისთან ფინალური მატჩის ეპიზოდს განიხილავს. 29-ე წუთზე ოლგა კარმონამ შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. ვიდეოგამეორებაზე ჩანს, როგორ ზეიმობენ ესპანელთა სათადარიგოთა სკამზე გოლს, ვილდას ხელი კი ამ დროს კი ერთ-ერთი მოთამაშის „მკერდზე ყოვნდება“...
თითქოს ის არ ეყოფოდათ, დაჯილდოების დროს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა, როგორ აკოცა ტუჩებში ნახევარმცველ ჯენი ერმოსოს, შემდეგ კი ბოდიში მოიხადა.







