ფეხბურთი

22:41 | 18.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელია

იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად როგორც მოსალოდნელი იყო, ლუჩანო სპალეტი დაინიშნა. მან იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან, რომელმაც ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა, კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა და წელიწადში 3.2 მილიონ ევროს მიიღებს.

სპალეტი მუშაობას 1-ლი სექტემბრიდან დაიწყებს და ასევე სექტემბრის დასაწყისში, როდესაც ნაკრები შეიკრიბება, მისი ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება. სპალეტის დებიუტი 9 სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან შედგება, ხოლო სამი დღის შემდეგ მისი გუნდი უკრაინას დაუპირისპირდება.

იტალიის ნაკრებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორ მატჩში 3 ქულა აქვს და მომდევნო ორი მატჩი შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტიც კი იქნება. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ ლუჩანოს შესახებ თქვა:

„მივესალმებით ლუჩანო სპალეტის. იტალიის ეროვნულ ნაკრებს დიდი მწვრთნელი სჭირდებოდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მან ეს პასუხისმგებლობა მიიღო. მისი მოტივაცია და გამოცდილება ფუნდამენტური იქნება იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც უახლოეს თვეებში ნაკრებს ელოდება“, - აღნიშნა გრავინამ.

ლუჩანო სპალეტი ბოლო ორი წელი „ნაპოლიში“ მუშაობდა, რომელსაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა. მის კარიერაში ასევე არის იტალიის თასი (ორჯერ), იტალიის სუპერთასი, რუსეთის ჩემპიონობა (ორჯერ), რუსეთის თასი და სუპერთასი. 64 წლის სპეციალისტის კარიერა 29 წლის წინ დაიწყო „ემპოლიში“, სხვადასხვა დროს ასევე ხელმძღვანელობდა „სამპდორიას“, „ვენეციას“, „ანკონას“, „უდინეზეს“, „რომას“, „ზენიტს“, „ინტერსა“ და „ნაპოლის“. სპალეტიმ რობერტო მანჩინი შეცვალა, რომელიც იტალიის ნაკრებში 2018 წლიდან მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.09789