ფეხბურთი

14:35 | 16.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აპოელის" მწვრთნელი: "დილამ" აჩვენა, რომ კარგი გუნდია, ჯერ დასრულებული არაფერია"

ნიქოზიის „აპოელის“ მთავარმა მწვრთნელმა რიკარდუ სა პინტუმ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, პირველი მატჩის მოგების მიუხედავად, ჯერ არაფერია დასრულებული და გუნდს კონცენტრაციის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„კარგ მდგომარეობაში ვართ, 2:0 გავიმარჯვეთ, მაგრამ საკმარისი გამოცდილება მაქვს, რომ ვიცოდე - ჯერ არაფერი დასრულებულა. წინა მატჩებზე მეტად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, რადგან მეტოქე შეეცდება სიტუაციის შეცვლას. მნიშვნელოვანია კონცენტრირებული ვიყოთ 90 წუთი და არა, 45 ან 50 წუთი. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ მომდევნო ეტაპზე გასვლა, არამედ გამარჯვებაა, ეს არის ჩვენი ფილოსოფია.

მხოლოდ კრესპო დაგვაკლდება დისკვალიფიკაციის გამო. მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა გავა, ფეხბურთელების დასვენების უფლება ასეთ მატჩში არ მაქვს. ახლა მხოლოდ ამ თამაშზე ვფიქრობთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ.

გუნდი იხვეწება, თამაშები რაღაცების გამოსწორებაში გვეხმარება, მაგრამ ყველაფერში - არა. ხანდახან უნდა ვიცოდეთ, რომ სხვანაირად უნდა ვითამაშოთ. ჩვენმა მეტოქემ აჩვენა, რომ ხარისხიანი გუნდია და თავმდაბლები უნდა ვიყოთ. მოთამაშეები მიჰყვებიან გეგმას და სტრატეგიას, დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ორ თვეში გუნდს ვერავინ ააშენებს, მაგრამ მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც ვხედავ, ფეხბურთელები მშივრები არიან და ყველაფერს აკეთებენ.

გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ყველაფერს იღებენ, მაგრამ ნორმალურია, რომ მათ დრო სჭირდებათ ახალ კულტურასა და ახალ ფეხბურთში. ჩვენ ეს ვიცით და გვაქვს მოთმინება, ვეხმარებით ყველა მოთამაშეს, უფრო გამოცდილი ფეხბურთელები ეხმარებიან მათ ინტეგრაციაში, ძალიან კარგად ატმოსფეროს ვქმნით, ოჯახურ სულს და ეს მომწონს. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ“, - თქვა სა პინტუმ.

შეგახსენებთ, რომ „აპოელისა“ და გორის „დილას“ მატჩი 17 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1111