ფეხბურთი

18:14 | 15.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "3 მილიონი "ნაპოლისთვის" არაფერია, მაგრამ მისი გადახდა პრინციპის საკითხია!"

იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ეროვნულ გუნდში რობერტო მანჩინის შეცვლა ლუჩანო სპალეტით სურს, მაგრამ 64 წლის სპეციალისტს „ნაპოლისთან“ ცალმხრივი კონტრაქტი აკავშირებს, რის გამოც მასთან მოლაპარაკებები უწევს.

„ნაპოლიდან“ სპალეტის განმათავისუფლებელი კომპენსაცია 3 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ ფედერაციას ამ თანხის გადახდა არ სურს. თავის მხრივ, „აძურის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უკან დახევას არ აპირებს. როგორც მან თქვა, მისთვის და მისი კლუბისთვის 3 მილიონი არაფერია, მაგრამ პრინციპის საკითხია, რომ კომპენსაცია მიიღონ და იტალიურ ფეხბურთში სამოყვარულო მიდგომა უნდა დასრულდეს.

„მე ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი იტალიის ეროვნულ ნაკრებს და როცა ახალგაზრდა ვიყავი, „ნაპოლის“ გარდა, ეს იყო ერთადერთი გუნდი, რომელსაც ვგულშემატკივრობდი. ლუჩანო სპალეტიმ სკუდეტოს მოგების შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლისთან“ კიდევ ერთი წელი კონტრაქტი აქვს, გამოთქვა დასვენების სურვილი და თქვა, რომ „ძალიან დაიღალა“. შესრულებული სამუშაოს მადლიერების გამო მისი თხოვნა დავაკმაყოფილე, მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო მისთვის კონტრაქტის პატივისცემა მომეთხოვა. ამიტომ მივეცი საშუალება ხანგრძლივად დაესვენა და წავედი სხვა მწვრთნელის საძებნელად, რომელიც ძალიან გამოცდილ სპალეტის შეცვლიდა. ბედნიერი ვარ, ვიპოვე რუდი გარსია, რომელიც რა თქმა უნდა, კარგად მუშაობს.

რაც შეეხება იტალიის ფეხბურთის ფედერაციას, ყველაზე გასაოცრად მეჩვენება ის, რომ ნაკრებისთვის ორი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩიდან რამდენიმე კვირით ადრე რობერტო მანჩინი თანამდებობიდან გადადგა. სწორია, რომ არჩევანი სპალეტიზე მიდის, დიდ მწვრთნელზე, 25-წლიანი გამოცდილებით, რომელმაც გასულ სეზონში ევროპაში საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა. თუ ისინი სამი წლის განმავლობაში წელიწადში ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს სთავაზობენ, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ არ გადაიხადონ კომპენსაცია წელიწადში 1 მილიონი ევრო, ეს ყველაფერი არათანმიმდევრულია.

„ნაპოლისთვის 3 მილიონი რა თქმა უნდა, ბევრი არ არის, აურელიო დე ლაურენტისთვის კიდევ უფრო ცოტაა, მაგრამ მოცემულ ვითარებაში ეს არ არის ფულის საკითხი, არამედ პრინციპის საკითხია, რომელიც ეხება არა მარტო „ნაპოლის“, არამედ მთელ იტალიურ საფეხბურთო სისტემას, რომელმაც თავი უნდა დაანებოს სამოყვარულო დამოკიდებულებას და პატივი სცეს ბიზნესის, სააქციო საზოგადოებისა და სატრანსფერო ბაზრის წესებს. სანამ ეს არ მოხდება, საფეხბურთო სისტემა ვერ განვითარდება და გაგრძელდება მსგავსი შემთხვევები, როცა „ავტორიტეტებმა“ არ იციან როგორ მართონ ბიზნესი“, - აღნიშნულია დე ლაურენტისის განცხადებაში, რომელიც "ნაპოლის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებიდან ორი დღის წინ გადადგა. სპალეტის გარდა, იტალიელთა სიაში ანტონიო კონტეც არის, მაგრამ პირველი არჩევანი „ნაპოლის“ ყოფილი თავკაცია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108496