ფეხბურთი

0:01 | 26.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კატასტროფა: "დინამო თბილისმა" მალტის ჩემპიონთან წააგო

როცა გვგონია, რომ ეს უკვე უფსკრულია და უარესი შეუძლებელია მოხდეს, სწორედ მაშინ ხდება.

„დინამო თბილისმა“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტურ „ჰამრუნ სპარტანსთან“ სტუმრად წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აქვს, მაგრამ ეს ახლა აბსოლუტურად უმნიშვნელო და მეორეხარისხოვანია.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ტა ქალიზე ძალიან ცუდი ფეხბურთი ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმი, როდესაც მეტოქის მოედანზე გადასვლაც კი დიდი პრობლემა იყო. მეორე ნახევარში ზორან მარუშიჩის მოედანზე გამოსვლით სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. მე-60 წუთზე სერბმა ანგარიში გახსნა კიდეც, ცოტა ხანში კი დუბლის შესრულებაში ხელი ძელმა შეუშალა.

შემდეგ კი იყო ცვლილებები: ულად-ომარ იმრანის ნაცვლად ჭიაბრიშვილმა გაგი მარგველაშვილი ჩართო თამაშში, დაცვა გააძლიერა და ეს გადამწყვეტი გამოდგა... ჟოზემ მბონგმა ანგარიში გაათანაბრა. მერე მარუშიჩმა ბურთი კიდევ ერთხელ გაარტყა ძელს, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთზე მბონგიმ მარგველაშვილს დაასწრო და 2:1.

„დინამო თბილისმა“ კიდევ ერთხელ გაანიავა უპირატესობა მაშინ, როდესაც ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში გადაწყვიტა. ეს იმთავითვე განწირული ტაქტიკა იყო, რომლის წაკითხვა მარტივად შეიძლებოდა.

მორიგი კატასტროფული თამაში ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში... რა თქმა უნდა, წინ მეორე მატჩია, რომელიც 3 აგვისტოს გაიმართება და "დინამოს" აქვს შანსი მომდევნო ეტაპზე გავიდეს, მაგრამ ის, რაც ტა ქალიზე მოხდა, მისაღები არავისთვის უნდა იყოს.

„ჰამრუნი“ – „დინამო თბილისი“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 მარუშიჩი (60), 1:1 მბონგი (81), 2:1 მბონგი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12086