ფეხბურთი

22:02 | 19.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი ორ წუთში: "დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

საქართველოს ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგა პირველივე ეტაპზე დაასრულა. ყაზახური ბარიერი ქართული კლუბებისთვის ისევ დაუძლეველი აღმოჩნდა (ცხრა დუელიდან რვაჯერ მომდევნო ეტაპზე ყაზახები გავიდნენ)...

არადა, ასტანაში 1:1-ის შემდეგ „დინამო არენაზეც“ ყველაფერი კარგად დაიწყო და „დინამომ“ დაწინაურებაც სწრაფად მოახერხა. 21-ე წუთზე ულად-ომარ იმრანის შესანიშნავი პასის მერე უსმანე კარგ პოზიციაში აღმოჩნდა და გაიტანა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თამაშს აკონტორლებდა, მეტოქეც განსაკუთრებულს ვერაფერს ქმნიდა, მაგრამ პირველი ნახევრის მიწურულს თბილისელები აშკარა გოლს გადარჩნენ, როცა ყაზახმა ფეხბურთელმა კარის წინ ეულად მყოფმა არაზუსტად დაარტყა.

„დინამომ“ ტაიმი მოიგო, მაგრამ ეს მომენტი განგაშის ზარი უნდა ყოფილიყო, რაც მეორე ტაიმის კატასტროფულმა სტარტმა დაადასტურა. არადა, პირველი რეალური მომენტი შესვენების შემდეგაც „დინამოს“ ჰქონდა, როცა გიორგი ხარაიშვილის დარტყმა მცირედით არაზუსტი გამოდგა. 50-ე და 51-ე წუთებზე კი ყველაფერი ჩამოიშალა: ჯერ აბზალ ბეისებეკოვი დატოვეს მცველებმა და ახლო მანძილიდან გაათანაბრა, ერთ წუთში კი დემბო დარბო ვერ შეაჩერა ვერავინ და მანაც ყაზახები წინ გაიყვანა - 1:2.

მასპინძლებს მალევე მიეცათ შანსი, მაგრამ დავით სხირტლაძემ მეკარეს პირისპირ ვერ აჯობა. უნდა ითქვას, რომ „ასტანას“ კიდევ მიეცა 1-2 რეალური საგოლე შანსი და ვერ ივარგეს, მაგრამ ისინი ანგარიშში წინ იყვნენ და თამაშიც მათი სცენარით მიდიოდა. 79-ე წუთზე საქართველოს ჩემპიონს გასათანაბრებლად იდეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ გაბრიელ სიგუამ დაახლოებით 4 მეტრიდან, როცა გოლი გარდაუვალი ჩანდა, ბურთი კარს ააცილა. 82-ე წუთზე ყაზახები უკვე ხარიხარმ გადაარჩინა საბა ხვადაგიანის დარტყმის შემდეგ... მოკლედ, „დინამოს“ უპირატესობა გამოიკვეთა, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზება ვერ მოხერხდა.

„დინამო თბილისი“ საბოლოოდ დამარცხდა, 1:2, ორი მატჩის ჯამში 2:3 და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. თუმცა, ევროთასებზე ასპარეზობას აგრძელებს, რადგან კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა, სადაც 26 ივლისს და 3 აგვისტოს, მალტის „ჰამრუნს“ გაეჯიბრება.

„დინამო თბილისი“ – „ასტანა“ 1:2 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 2:3

თბილისი, „დინამო არენა“

„დინამო თბილისი“ (4-2-3-1): ლორია; მალი (ხვადაგიანი 57), მარგველაშვილი (მაისურაძე 57), ტაბიძე, კალანდაძე; მექვაბიშვილი, ოსეი (სიგუა 57); ხარაიშვილი (მოისწრაფიშვილი 73), იმრანი, კამარა; სხირტლაძე (მარუშიჩი 77)

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

„ასტანა“ (5-4-1): ჩონდრიჩი; ბეისებეკოვი (ლონჩარი 65), მაროჩკინი, ტომაშევიჩი, ამანოვიჩი, ვოროგოვსკი; ტომასოვი, იოვანჩიჩი (ოგანესიანი 46), ებონგი, ურეგა (დოსმაგამბეტოვი 76); დარბო

მწვრთნელი: გრიგორი აბაბიანი

გოლები: 1:0 კამარა (22), 1:1 ბეისებეკოვი (50), 1:2 დარბო (51)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 8 (6) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: სტიუარტ ატველი (ინგლისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112087