ფეხბურთი

22:35 | 11.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვი: "ევროპის ჩემპიონატზე საოცარი ატმოსფერო იყო, ეს კი ჩემი ზღვარი არ არის"

საბა საზონოვი მოსკოვის „დინამოში“ დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის მზადება რუსულ კლუბში დაიწყო. მოსკოველთა პრესსამსახურმა საბასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც საუბარი, როგორც საკლუბო საკითხებს, ისე ევროპის ჩემპიონატს დაეთმო, სადაც 21 წლის ფეხბურთელმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა.

- მოგვიყევით როგორ ჩაიარა შენთვის ევროპის ჩემპიონატმა...

- ევროპის ჩემპიონატზე ატმოსფერო შესანიშნავი იყო. ცხოვრებაში პირველად მივიღე ასეთ ტურნირში მონაწილეობა. განსაკუთრებულად მახსოვს პორტუგალიასთან მატჩი. ეს იყო ჩემი დებიუტი ოფიციალურ მატჩში ნაკრებში, სადაც გოლი გავიტანე და განსაკუთრებული მომენტი იყო. ტურნირისთვის სერიოზულად მოვემზადეთ, ყველა ფეხბურთელმა დიდი სურვილი გამოავლინა და საბოლოოდ, ძალიან კარგად გამოვედით.

- როგორი რეაქცია გქონდა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრაზე?

- რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო, ჯერ ორი ტურის შემდეგ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა, შემდეგ კი მთელი ტურნირის. ვფიქრობ, ეს არის იმის მაჩვენებელი, თუ რა სამუშაო გავწიე მთელი სეზონის განმავლობაში და ეს ზღვარი არ არის.

- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დასვენების დრო გქონდა?

- ცოტა დავისვენე. რა თქმა უნდა, უფრო ხანგრძლივი შვებულება მსურდა, მაგრამ მესმის, რომ სეზონი მალე დაიწყება. მე და ლუკა გაგნიძე ევროპის ჩემპიონატიდან „დინამოში“ დაბრუნდით და დასახარჯად მზად ვართ.

- ახალი მთავარი მწვრთნელის ვარჯიშებზე რა გსმენია (ჩეხი სპეციალისტი მარსელ ლიჩკა - რედ)?

- საწვრთნელი პროცესის შესახებ ბევრი მსმენია, რადგან ბიჭებმა ყველაფერი მითხრეს. მათი თქმით, ვარჯიში რთულია. დღეს მწვრთნელს პირველად შევხვდი, მანამდე მესენჯერში გვქონდა კავშირი. პირველი შთაბეჭდილება დატოვა და ახლა ვარჯიშის დროს ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ.

- რას იტყვი ფაბიან ბალბუენას „დინამოში“ დაბრუნებაზე?

- ფაბიანს „დინამოში“ ჩემი პირველი სეზონიდან ვიცნობ. ის გამოცდილი ცენტრალური მცველია. ნებისმიერი კონკურენცია კარგია, ამიტომ, მას და სხვა მცველებს კონკურენციას გავუწევ და მწვრთნელი გადაწყვეტს, ვინ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს „ჰამბურგს“ უკავშირებდნენ, მაგრამ კონკურენციის გამო გერმანელებმა სხვა მცველი დაიმატეს. ჯერჯერობით, საბა „დინამოს“ ფეხბურთელია, თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. მან ევროპის ჩემპიონატზე ოთხივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114578