ფეხბურთი

18:51 | 3.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია: "ჩვენი მიზანი ევრო 2024-ზე გასვლაა"

ბაქოს „ნეფთჩის“ და საქართველოს ნაკრების მცველმა სოლომონ კვირკველიამ Azerisport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებზეც გააკეთა კომენტარი. როგორც მან თქვა, 21-წლამდელებს არ გაუმართლათ, ხოლო ეროვნული ნაკრების მიზანი ევრო 2024-ზე გასვლაა.

„რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ახალგაზრდული ნაკრები ნახევარფინალში ვერ გავიდა. შემადგენლობა ძალიან კარგია, ბიჭების 50% ეროვნული ნაკრების მოთამაშეა, ისინი კარგ კლუბებში თამაშობენ. რაღაც მცირედი არ გვეყო ისრაელთან მატჩში, სადაც პენალტებში წავაგეთ. ეროვნულ ნაკრებში კი ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, განსაკუთრებით შეტევაში და კარგი მწვრთნელიც.

გვინდა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავოთ, მაგრამ გვესმის, რომ რთული იქნება. იმედს ერთა ლიგაზეც ვამყარებთ, სადაც ყაზახეთს ვეთამაშებით, თუ მოვიგებთ, ფინალში საბერძნეთი-თურქეთის გამარჯვებულთან ვითამაშებთ, ერთ მატჩში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ძლიერი გუნდი გვყავს, შანსი არის.

საკლუბო ფეხბურთი საქართველოში? ახლა კარგი ჩემპიონატი გვაქვს, მეტ-ნაკლებად დონემ მოიმატა. ევროპის ჩემპიონატისთვის სტადიონები გაკეთდა, კარგი ლეგიონერებიც ჩამოდიან. ველოდებით, რომ საკლუბო ფეხბურთიც აღზევდება“, - თქვა კვირკველიამ.

აქვე გეტყვით, რომ ბაქოს "ნეფთჩი" ახალი სეზონისთვის რუსეთში ემზადება, სადაც ოთხთა ტურნირში იღებს მონაწილეობას. პირველი მატჩი ბაქოელებმა "ზენიტთან" 1:3 წააგეს, კვირკველიამ პირველ ტაიმში ითამაშა. ამავე ტურნირში მონაწილეობს ბელგრადის "ცრვენა ზვეზდა", რომლის წევრი ირაკლი აზაროვია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11661