ფეხბურთი

22:50 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "მთელი ზეწოლა შოტლანდიის მხრებზეა, ჩვენ კი წნეხის გარეშე ვითამაშებთ"
"ჩემი ფეხბურთელების მოტივაციაზე დიდი წარმოდგენა მაქვს, სურთ ევროპას თავი გააცნონ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შოტლანდიის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია და დიდ პატივს სცემს, მაგრამ ფიქრობს, რომ შოტლანდიაზე უფრო მეტი წნეხია, ვიდრე საქართველოზე.

„პირველ რიგში, გილოცავთ ზედიზედ სამი მატჩის მოგებას. ჰუმზა იუსაფთან (პრემიერმინისტრი - რედ) შეხვედრა გასაკვირი, მაგრამ სასიამოვნო იყო. ჩვენთან მიმართებაში ძალიან თავაზიანი იყო. თუ 5-გუნდიან ჯგუფში პირველ სამ თამაშს მოიგებ, მაშინ კვალიფიკაციისთვის საუკეთესო გზაზე ხარ. თუმცა, მგონია, რომ მთელი ზეწოლა არა ჩვენს მხრებზე, არამედ შოტლანდიის მხრებზეა, რადგან ისინი სახლში თამაშობენ საქართველოს წინააღმდეგ და უნდა მოიგონ. მათი გამარჯვება ნორმალურად აღიქმება. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია გასვლაზე ყოველგვარი წნეხის გარეშე თამაში. უბრალოდ საუკეთესო მატჩი უნდა ვითამაშოთ, რაც შეგვიძლია, თუნდაც იმიტომ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი პოზიტიური ევოლუცია, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გრძელდება. ჩვენი ძალა ისეთი გუნდების წინააღმდეგ ვაჩვენეთ, როდესაც ამას არ ელოდნენ, ზოგჯერ დამსახურებულადაც.

მე მყავს გუნდი, რომელიც ყველანაირად იხარჯება. მთავარია, რომ ინტენსივობა და დისციპლინა შევინარჩუნოთ. ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს და ძალიან მაღალი წარმოდგენის ვარ მათ მოტივაციაზე, რადგან სურთ, რომ თავი მთელ ევროპას გააცნონ. მათ უყვართ სამშობლო და ჩვენ ბევრი ოცნება გვაქვს. იმედი მაქვს, გლაზგო იქნება ჩვენი მოგზაურობის სასიამოვნო ნაწილი, რომელიც ჩვენს ოცნებამდე მიგვიყვანს.

ვფიქრობ, კვიპროსში გარკვეული ხარვეზი ის იყო, რომ შემტევი ფეხბურთელები დაცვას საკმარისად არ ეხმარებოდნენ, რამაც ბალანსის დარღვევა გამოიწვია. შემადგენლობა ძალიან შემტევი იყო, რამაც დაგვანახა, რომ ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია. ამას შევცვლით, რათა შოტლანდიასთან უფრო კომპაქტურად ვითამაშოთ.

შოტლანდიის ნაკრები? უბრალოდ, საკმარისია ვნახოთ ნორვეგიასთან მატჩის ბოლო 10 წუთი. შოტლანდია შესანიშნავი გუნდია ფანტასტიკური სულისკვეთებით. როდესაც თავდაჯერებულობა აქვთ, მართლაც ძლიერი გუნდია. ნორვეგიაში წასვლა და 0:1-ის შემდეგ გამარჯვება ადვილი არ არის, ბევრ გუნდს არ შეუძლია ამის გაკეთება. ამიტომაც, შოტლანდიას დიდ პატივს ვცემთ. თუმცა, თითოეულ მატჩს თავის ისტორია აქვს და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთვის კიდევ ერთ დადებით ფურცელს დავწერთ.

ყველასთვის ნათელია, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშეა და ასე იქნება ყველა გუნდში, სადაც ითამაშებს. მას ძალიან მაღალი დონის სეზონი ჰქონდა, გამორჩეული მაღალი დონის მატჩებით. ასეთი სეზონის შემდეგ, ივნისში ფეხბურთელებისთვის არ არის მარტივი სანაკრებო შეხვედრების ჩატარება. კვარაცხელია ერთ-ერთი გამორჩეულია ჩვენს გუნდში. როდესაც ლიდერებზე ვსაუბრობთ, ხშირად ეს მხოლოდ შემტევებს ეხებათ, თუმცა ასევე მინდა გამოვყო სხვა პოზიციის ფეხბურთელები. ფეხბურთი გუნდური სპორტია, სადაც მთავარი გუნდური სულისკვეთება და დისციპლინაა. ხვალინდელ შეხვედრაში ფეხბურთელებისგან სწორედ ამას ველოდები.

„ჰემპდენ პარკზე“ მითამაშია. თუ რომელიმე ფეხბურთელს ან მწვრთნელს ჰკითხავთ დასავლეთ ევროპიდან, სად სიამოვნებს ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში, ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს გიპასუხებენ - შოტლანდიაში სტადიონზე არსებულ ატმოსფეროში. ის, რაც 2006 წელს მოხდა (საფრანგეთის ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა და სანიოლი მოედანზე იყო - რედ), არაფერზე იმოქმედებს, მაგრამ მიხარია, რომ ხვალ კარგი ატმოსფერო იქნება. ჩემი ფეხბურთელებიც აღფრთოვანებული არიან და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება შესანიშნავი მატჩი, სადაც ორივე გუნდი ძალიან კარგად ითამაშებს და ბოლოს საუკეთესო გაიმარჯვებს“, - თქვა სანიოლმა.

პრესკონფერენციაზე კომენტარი ასევე გააკეთა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ: "ვფიქრობ, რომ დღეს ნაკრებში მყოფ ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკმარისი გამოცდილება აქვთ და არ მგონია, რომ ადგილობრივმა ატმოსფერომ დათრგუნოს ეს მოთამაშეები. მეც და მთელი გუნდი ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს და ველოდებით საინტერესო თამაშს".

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიისა და საქართველოსა ნაკრებთა მატჩი 20 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139797