ფეხბურთი

18:33 | 16.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "საქართველოს ნაკრებს დიდი მომავალი აქვს, ვეცდებით, კვარაცხელია შევაჩეროთ"

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა სპეციალისტმა ვრცლად ისაუბრა ხვალინდელ შეხვედრაზე და საქართველოს ნაკრებისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

თუმცა, ქეცბაიას იმედი აქვს, რომ გამარჯვებას კვიპროსის ნაკრები მოიპოვებს. მისი თქმით, გუნდი ყველაფერს გააკეთებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ორივე გუნდისთვის. ალბათ, ამ თამაშის შედეგის შემდეგ ორივე გუნდი გაიგებს, რისთვის მოუწევს ბრძოლა შესარჩევ ციკლში. საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც დიდი მომავალი აქვთ. თუმცა, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენც გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან ნაკრებს დაეხმარონ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხვალ შედეგს მივაღწიოთ.

ჩემთვის ეს თამაში არაფრის დასამტკიცებელი არ არის. 5 წელი ვიყავი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და მნიშვნელოვანი შედეგი არ გვქონია, ვგულისხმობ იმას, რომ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით. გულშემატკივარი კი ყოველთვის მაქსიმუმს ელოდება. საქართველოს ახალგაზრდული, იმედისმომცემი გუნდი ჰყავს და იმედია, რომ შეძლებს იმას, რაც წინა თაობამ ვერ შეძლო.

ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ და არ ვიცით, რა იქნება შესარჩევი ეტაპის ბოლოს. არც ჩვენ და არც საქართველო ჯგუფში არ არის ფავორიტი, რადგან აქ უკეთესი გუნდებიც არიან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაქსიმუმს არ გავაკეთებთ. ვეცდებით, რომ ყველა თამაშში მოედანზე მოსაგებად გავიდეთ.

ვისგან ველით საფრთხეს? საქართველოს ნაკრებს ინდივიდუალურად ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს და ყველას შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მჭიდროდ ვეთამაშოთ, არ მივცეთ ქართველ ფეხბურთელებს საშუალება, რომ ბევრი სივრცე ჰქონდეთ. ჩვენც გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებიც ხვალ გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გააკეთებენ.

განსხვავება დიდია მას შემდეგ, რაც მე საქართველოს ნაკრები დავტოვე. დღევანდელ გუნდში ბევრი ფეხბურთელი თამაშობს წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში და თავიანთ გუნდებში ლიდერები არიან. ჩემს დროს კი, ისეთი სიტუაცია იყო, რომ არა მარტო სათამაშო პრაქტიკა, არამედ ზოგიერთი გუნდშიც არ ირიცხებოდა. სასიხარულოა, რომ გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც პროგრესს განიცდიან. ვფიქრობ, დრო დასჭირდება ამ გუნდს, რომ ის შედეგი დადოს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ელოდება.

არა მგონია, სწორი იყოს ახლა ვისაუბრო იმაზე, როგორი იქნება ჩვენი სათამაშო სისტემა და სქემა. მთავარია, ვიცით, როგორი მეტოქე გვყავს და რა მძიმე თამაში გველოდება. ვიცით ისიც, რომ მეტოქეს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული, მსოფლიო დონის ფეხბურთელი, რომლის განეიტრალებას ვეცდებით და არ მივცეთ ის სივრცე, რაც მას სჭირდება სახიფათო მომენტების შესაქმნელად. როგორც ვთქვი, საქართველო მომავლის გუნდია, ბევრი ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელი თამაშობს და იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი მატჩის შემდეგ უფრო კარგ შედეგებს აჩვენებს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ელოდება“, - თქვა ქეცბაიამ.

პრესკონფერენციაზე თემურთან ერთად იყო კვიპროსის ნაკრებისა და იტალიური „სალერნიტანას“ ნახევარმცველი გრეგორის კასტანოსი, რომელმაც თქვა, რომ ძლიერი მეტოქე ჰყავთ, მაგრამ 3 ქულის მოპოვების იმედი აქვს.

„ხვალინდელი მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ბევრი ვარჯიში ჩავატარეთ და მწვრთნელის დავალებით მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ. გვინდა, რომ ხალხი დაგვეხმაროს, რადგან ასე უფრო ადვილი იქნება. ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ ჩვენც ძალიან კარგი ფეხბურთელები ვართ და სახლში თამაშში ყველაფერს გავიღებთ 3 ქულის მოსაპოვებლად. მჯერა, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში ვართ და შეგვიძლია, რაღაც ახალი და კარგი გავაკეთოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ნორვეგიასთან ფრედ ითამაშა (1:1), ხოლო კვიპროსი შოტლანდიასთან დამარცხდა. ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123134