ფეხბურთი

2:08 | 11.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგი: "ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ფინალში ისევ გავიდეთ"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ წაგების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ამაყობს თავისი ფეხბურთელებით, რომლებიც მარცხს არ იმსახურებდნენ.

„ჩემი ფეხბურთელები დიდებულები იყვნენ. ვიცი, რომ რთულია, თასის მოგება ნებისმიერ ფასად გვინდოდა, მაგრამ ფეხბურთელებმა უნდა იამაყონ. გუშინ ვთქვი, რომ ამ ფეხბურთელებს არავისზე არ გავცვლიდი და დღეს მთელმა სამყარომ დაინახა, რატომაც. ძალიან ცოტა მომენტი მივიღეთ ჩვენს კართან, ონანას მხოლოდ ერთი სეივი მახსოვს ფოდენის დარტყმის შემდეგ. გულშემატკივრები ფანტასტიკურები იყვნენ და აქ მოხვედრაში ისინი დაგვეხმარნენ.

უნდა ვიამაყოთ იმ პროგრესით, რასაც მივაღწიეთ. ეს მე-5 ფინალია ბოლო 20 თვის განმავლობაში. პირველ ტაიმში მოედანზე უკეთ გადაადგილება შეგვეძლო, მეორე ტაიმში ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით, მაგრამ დამაგვირგვინებელი ფაზა გვაკლდა. დამატებითი დროის თამაშს გუნდი იმსახურებდა. მომავალი? ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დავბრუნდეთ. აქვე მინდა, პატივისცემა გამოვხატო „მანჩესტერ სიტის“ მიმართ, იმ გზის გამო, რომელიც მან ბოლო წლებში გაიარა, თასი დაიმსახურა“, - თქვა ინძაგიმ.

ინძაგის გარდა, კომენტარი „ინტერის“ მცველმა ფედერიკო დიმარკომ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, 120%-ით დაიხარჯნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.

„იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მოედანზე ყველაფერი ვაჩვენეთ, მაგრამ ამავდროულად უნდა ვიამაყოთ ამ გუნდით. 120% გავიღეთ, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა. არა უშავს, უძლიერესმა გუნდმა მოიგო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად აშენდა. გვქონდა აშკარა საგოლე მომენტები, მაგრამ მათი მეკარე შესანიშნავად თამაშობდა. დღეს უფრო მეტს ვიმსახურებდით, თუმცა, კმაყოფილები ვართ, რადგან მაქსიმუმი გავიღეთ. ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ“, - თქვა დიმარკომ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ „ინტერი“ 1:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114887