ფეხბურთი

20:16 | 10.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„გარეჯი“ ელიტას უახლოვდება

მეორე წრე ეროვნულ ლიგა 2-შიც დასრულდა. 18 ტურის შემდეგ ერთპიროვნულად საგარეჯოს „გარეჯი“ ლიდერობს. მას კვალში ლიგაში შარშან აღზევებული ფოთის „კოლხეთი,“ „სპაერი“ და „დინამო-2“ უდგანან.

მე-18 ტურის მთავარი მატჩი, დღეს, 10 ივნისს, საგარეჯოს „ცენტალურზე“ გაიმართა. „გარეჯმა“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მასპინძელთა მცველის, ლაშა უგრეხელიძის მიუტევებელი შეცდომის შემდეგ, 67-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა გაიტანა. ახლა „გარეჯი“ მეორე საფეხურზე მყოფ „კოლხეთს“ 8 ქულით უსწრებს.

ეს გარეჯელთა მეორე წაგება გახლდათ მიმდინარე სეზონში 6 აპრილის შემდეგ. ამით მათი 11-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა (9 მოგება, 2 ფრე).

შარშანდელი უხეირო სეზონის შემდეგ, როცა „გარეჯი“ გავარდნას ძლივს გადაურჩა, წლეულს კახელები მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებენ და დიდი შანსია ისტორიულ შედეგს მიაღწიონ - პირველად აღზევდნენ ლიგა 1-ში, ანუ ძველებურად რომ ვთქვათ, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

შარშან გარეჯელებმა სეზონის განმავლობაში ხუთი მწვრთნელი გამოიცვალეს და ბოლოს, როგორც ჩანს, სასურველი სპეციალისტი იპოვეს - 39 წლის გიორგი ონიანი. ის გუნდს 2022 წლის სექტემბრიდან წვრთნის. მანამდე კი ლანჩხუთის „გურიასა“ და ბათუმის „დინამო 2“-ს ხელმძღვანელობდა.

მიმდინარე სეზონში კახელებმა რამდენიმე გამოცდილო ფეხბურთელი დაიმატეს. მათ შორის, გასული სეზონის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი, ლევან პაპავა (17 გოლი), რომელიც „გარეჯს“ „სპაერიდან“ შეუერთდა. პაპავა ამჯერადაც გუნდის ბომბარდირია 10 გოლით.

ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: ლოკომოტივი - მერანი თბილისი 5:2, მერანი მარტვილი - დინამო 2 თბილისი 1:2, სპაერი - სიონი 2:0, კოლხეთი ხობი - ვიტ ჯორჯია 0:1.

სეზონი 3 აგვისტოს განახლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111233