სხვა

1:42 | 6.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მორის ყვითელაშვილმა კარიერა დაასრულა

ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ფიგურული ციგურაობის ფედერაცია იტყობინება. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებში ცვლილებებიც მოხდა:

"საერთაშორისო საციგურაო კავშირის წესების თანახმად, ფიგურულ ციგურაობაში ოფიციალური საერთაშორისო ტურნირები აგვისტოს ბოლოს, იუნიორთა შორის გრან პრის ეტაპებით იწყება. ყველა ქვეყნის ეროვნული ფედერაცია კი ახალი სეზონის დაწყების წინ, ამტკიცებს ნაკრები გუნდის შემადგენლობას, რომლის წევრებიც იასპარეზებენ საკუთარი ქვეყნის სახელით.

ახალი, 2023-2024 სპორტული სეზონიდან საქართველოს სახელით სენიორთა კატეგორიაში გამოვლენ: ანასტასია გუბანოვა, ალინა ურუშაძე (ერთეული ქალები), ნიკა ეგაძე (ერთეული კაცი), ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილი) მარია კაზაკოვა და გიორგი რევია (სპორტული ცეკვები).

2023-2024 წლების სეზონიდან ჩვენ გუნდს შეემატება დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის მოცეკვავე წყვილი. დიანა დევისი ცნობილი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. ამერიკაში დაბადებული ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც საქართველოს მოქალაქეც არის, თავის მეწყვილე და მეუღლე გლებ სმოლკინთან ერთად, რომელიც ისრაელის მოქალაქეა, 2019 წლის მაისიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცდილ სპეციალისტებთან გადის წვრთნებს. დევის-სმოლკინის წყვილს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა 2021-2022 წლებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობით. ახალ წყვილს მარია კაზაკოვა და გიორგი რევიასთან ერთად ექნება შესაძლებლობა მომავალი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისა, სადაც საქართველოს ორი წყვილის მონაწილეობის საგზური აქვს მოპოვებული. ამავე ჩემპიონატზე ჩვენ ქვეყანას მამაკაცთა კატეგორიაში 2 საგზური, ხოლო ქალთა სეგმენტში კი 3 კვოტა აქვს. ყველა ჩვენ სპორტსმენს მაღალი შანსი რჩება განაწილდნენ გრან პრის ორივე ეტაპზე.

ახალი სეზონიდან იუნიორთა კატეგორიაში იასპარეზებენ: ინგა გურგენიძე, კონსტანტინე სუპატაშვილი, აიშა ალახვერდიევა და ეკატერინე იაზადჯი (ბათუმის სპორტული ცენტრი), მოცეკვავე წყვილი: ეჰორ ბარშაკი და მარია ალიევა.მოწინავე ნოვისებში გამოვლენ: ბათუმის სპორტული ცენტრის მოციგურავეები ქეთევან მახარაძე და დავით გურგენიძე (ერთეულები), ნოვისებში: ნიკოლ ფადეევა, ირინე ჩხეტიანი და ელენე ქათამაძე. ლუკა ბერულავას ყოფილი მეწყვილე კარინა საფინა ამ ეტაპზე გადის რეაბილიტაციას, იგი მაქსიმალურად ცდილობს დაუბრუნდეს სპორტულ ფორმას და ამჟამად ახალი მეწყვილის შერჩევის პროცესშია. იუნიორთა კატეგორიაში მოასპარეზე მოცეკვავე წყვილი დეა ყუფარაძე და დანილა საველიევი კვლავ აგრძელებენ ვარჯიშს და სავარაუდოდ, ახალ მეწყვილეებთან ერთად განაგრძობენ თავიანთ გამოსვლებს. ცნობილმა ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა, დაასრულა თავისი სპორტული კარიერა, რომელმაც მას მრავალრიცხოვან გულშემატკივართა დიდი სიყვარული და აღიარება მოუტანა.

ჩვენი მოციგურავეების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ეტაპობრივად, ასპარეზობების განრიგის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114305