ფეხბურთი

22:24 | 3.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

აზარი „რეალს“ სეზონის ბოლოს დატოვებს და შესაძლოა, კარიერაც დაასრულოს

ედენ აზარი მადრიდის „რეალს“ ამ ზაფხულს დატოვებს.

როგორც The Athletic-ი კლუბიდან და მოთამაშის გარემოცვიდან გამოჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, სეზონის დასრულების შემდეგ 32 წლის ბელგიელი ნახევარმცველის წასვლა გარდაუვალია. ოფიციალურად ამის შესახებ დღე-დღეზე განაცხადებენ.

ფეხბურთელსა და კლუბს შორის არსებულ კონტრაქტს 2024 წლამდე ჰქონდა ვადა და აზარი იმედოვნებდა, რომ „რეალში“ დარჩებოდა, მაგრამ ესპანურ გრანდს მისი გაშვება უნდოდა. საბოლოოდ, მხარეები ხელშეკრულების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

იმასაც ამბობენ, რომ „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა შესაძლოა კარიერაც კი დაასრულოს, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

აზარი „რეალში“ 2019 წელს „ჩელსიდან“ 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან ესპანურ კლუბთან ერთად 7 ტიტული მოიპოვა, მათ შორის, ორ-ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მთლიანობაში მადრიდელთა რიგებში ბელგიელმა 76 მატჩი გამართა, 7 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. თუმცა, ამ სეზონში, აზარმა მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, ჯამში კი, მოედანზე 392 წუთი გაატარა.

AS-მა გამოთვალა, რომ მიმდინარე სეზონში აზარის მიერ მოედანზე გატარებული თითო წუთი „რეალს“ 70 ათასი ევრო დაუჯდა.

0.104402