რაგბი

2:02 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

უმცროსი ბორჯღალოსნები | ახალი თაობა, ახალი ისტორია - ინგლისიც დამარცხებულია!

ქართულმა რაგბმა ისტორია დაწერა! უმცროსი ბორჯღალოსნები გახდა პირველი ქართული გუნდი, რომელმაც ინგლისის თანატოლთა ნაკრების დამარცხება მოახერხა. ეს დღეს, 1 ივნისს „ავჭალაზე“ მოხდა – 40:38.

ტიერ 1-ის იმ ნაციების რიცხვი, რომლებთანაც საქართველოს ჯერ არ გაუმარჯვია სამამდე შემცირდა. ამჯერად ქართულმა რაგბმა ინგლისი იმსხვერპლა და ის გახდა ტიერ 1-ის მეშვიდე ქვეყანა უელსის (დავამარცხეთ ეროვნული ნაკრების დონეზე), იტალიის (ყველა დონეზე), ირლანდიის (20-წლამდე), არგენტინის (20-წლამდე), შოტლანდიისა (20-წლამდე) და საფრანგეთის (18-წლამდე) შემდეგ.

საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ დონეზე მოგებული აქვს ექვსი ერის ყველა ქვეყანასთან და ჯერჯერობით დაუმარცხებლები არიან ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია, რომლებთანაც იშვიათად გვიწევს თამაში.

ინგლისთან გამარჯვება, იმის ფონზე, რომ ამ ქვეყნის გუნდებთან მსოფლიო თასის მიღმა იშვიათად გვიწევს თამაში, 20-წლამდელთა დონეზე კი სულაც პრველად ვერკინეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ითვლება ევროპული რაგბის ფლაგმანად (საფრანგეთთან ერთად) და მასთან გამარჯვება ბევრ შესაძლებლობას ხსნის სარაგბო ასპარეზზე.

„მინდა მივულოცო ამ ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბს ეს უდიდესი, ისტორიული გამარჯვება. მათ უზარმაზარი სამუშაო გაწიეს და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გაახარეს. ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან სულ მალე ეს ბიჭები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გაემგზავრებიან და იქიდან კიდევ არაერთხელ გაგვიჩენენ სიამაყის შეგრძნებას. ვულოცავ ამ ისტორიულ გამარჯვებას მთელს ქვეყანას და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბილ სვინს, ინგლისის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს ამ ორი თამაშისთვის. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის წინ“ – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.

გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს გამარჯვება იყო ქართული რაგბის ნათელი მომავლის გამოვლინება. 60 წლის წინ დაწყებულ მშენებლობაში, მორაგბეთა ყველა თაობამ თავისი წილი აგური დადო, ნაბიჯ ნაბიჯ მიუახლოვა ის სარაგბო ელიტას, ახლა კი იმ თაობის ჯერი დადგა, რომელსაც საქართველოს ტიერ 1-თან გატოლების შესაძლებლობა აქვს და ისინი ამ შანსს იდეალურად იყენებენ.

იგივე სცენარით
4 დღის წინ, საქართველოსა და ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებების პირველი დაპირისპირებისას, სტუმრები ორი ლელოთი დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლები მალევე დაუფლნენ ინიციატივას, ლიდერობა მოიპოვეს და და ინგლისმა მხოლოდ დასკვნით 5 წუთში გატანილი ორი გარდასახული ლელოთი შეძლო გამარჯვების მოპოვება – 41:36.

რადგან ეს თამაშები მოსამზადებელი ხასიათის იყო, მეორე თამაშში ორივე გუნდის შემადგენლობაში განხორციელდა როტაცია. თამაშის წინ გაწვიმდა, რამაც ქომაგი დააფრთხო და „ავჭალაზე“ ათასხუთასამდე მაყურებელი მივიდა. მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იყო – 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის ოფიციალური რეფერი, რამაც თამაშის ხარისხსა და მსვლელობას თავისი ხელი დაატყო.

ინგლისელებმა ეს თამაში პირველზე უფრო მაღალ დონეზე ჩაატარეს. მათ რამდენჯერმე შეძლეს მაღალ ტემპში, ხელდახელ შეტევა და ფაზების გადაბმა. ეს ზუსტად ის თამაში იყო, რაც საქართველოს სამხრეთ აფრიკაში, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრების წინ ჭირდებოდა. ლადო კილასონიას შეგირდებმა კიდევ უფრო მაღლა აწიეს საშემსრულებლო ოსტატობა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში და ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი – მათ დაამარცხეს მსოფლიოს სარაგბო გრანდი ინგლისი, დაწერეს ქართული რაგბის ახალი ისტორია და ახლა უკვე ზუსტად იციან, რომ არ არსებობს მეტოქე, რომელთან გამარჯვებაც წარმოუდგენელი იქნება.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო თავად მატჩის მსვლელობაც. რადგან პირველი დაკიდებული ბურთი ვერ ავიღეთ, პირველო ლელო მე-8 წამზე მივიღეთ, მე-7 წუთზე კი უკვე 0:14 ვაგებდით. მაგრამ ამან ბიჭები არ გატეხა, ისინი მობილიზდნენ, შეიკვრნენ და მალევე დაბრუნდნენ თამაშში.

მე-11 წუთზე ულამაზესი პირველი საპასუხო ლელო გავიდა. ჩვენი 22-იდან დაწყებული, ხელდახელ იერიში 5 ქულით დავით ხუროშვილმა დაასრულა, პეტრე ხუციშვილმა კი გარდასახა. სალელოვე შეტევაში ბურთი კარგად ატარეს და კარგი გაგრძელებები მოძებნეს ლუკა კობაურმა და თორნიკე კახოიძემ. სამ წუთში წონასწორობა აღდგა. მორკინალებმა დაახლოებით 20 მეტრი ბრძოლით მოიგეს, რაქიდან ვაჟა მიქაძემ მოულოდნელად შეუტია, მას კარგად მიყვა ლუკა ცირეკიძე, რომელმაც ბოჭვის შემდეგ ხუციშვილს ოფლოუდი მაინც გაუხერხა და მგეზავმაც ლელო ძელებსშუა გაიტანა, გარდასახვით კი ანგარიში გაათანაბრა – 14:14.

მოედანზე ძალიან მაგარი თამაში გაჩაღდა. ორივე გუნდი ხელდახელ ცდილობდა შეტევებს და მაყურებელიც აგრესიული ბოჭვებით სიამოვნებას იღებდა. ამით ტერიტორიას კი ვიგებდით, თუმცა კახოიძე უბურთოზე თამაშისთვის ყვითელი ბარათით დაისაჯა და 10 წუთით კაცნაკლული დავრჩით. ინგლისმა მეტობით მალევე ისარგებლა და დერეფნიდან გათამაშებული კომბინაცია კვაჭის ლელოთი დასრულდა. მერე კარის წინ გაიჭრა ხაზი და თავდადებული დაცვის მიუხედავად, ინგლისი ორი ლელოთი დაწინაურდა.

უმცროსი ბორჯღალოსნები არც ამან გატეხა, ტაიმის ბოლოს, ჯერ კიდევ კაცნაკლულებმა მეტოქის ნახევარზე მოიკიდეს ფეხი, მოლით მეტოქე ორჯერ დაძრეს და 37-ე წუთზე ნიკა ლომიძემ ლელო გაიტანა, ხუციშვილმა კი გარდასახვით ტაიმის შედეგი დააფიქსირა – 21:24.

ბრძოლა ბოლომდე
მეორე ტაიმის დებიუტში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. მორაგბეებმა ორთქლი გამოუშვეს, 49-ე წუთზე კი, ლუკა კოტორაშვილმა რაქიდან ყველასთვის მოულოდნელად შეუტია და საქართველო პირველად დააწინაურა. ხუციშვილმა გარდასახვით უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა. ინგლისელები სწრაფად გააქტიურდნენ და ტემპს უმატეს. ვიდეო-რეფერიმ ერთი მათი ლელო ბლოკირების გამო სამართლიანად გააუქმა, თუმცა მეტოქემ 59-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით ლიდერობა მაინც დაიბრუნა.

უმცროსი ბორჯღალოსნები ხელდახელ კარგად უტევდნენ და 66-ე წუთზე ცირეკიძემ წამოიწყო სახიფათო კონტრშეტევა, რამდენიმე მცველსაც გასცდა და მნიშვნელოვანი მანძილიც მოიგო, მაგრამ ქართველ ფორვარდებთან ჭიდილში ინგლისელებმა ლელოს გაშვებას ჯარიმის ზღვარზე თამაში არჩიეს და მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ.

აქ უკვე ჩვენი გუნდის კლასი გამოჩნდა და რიცხობრივი მეტობა ორ ლელოში აისახა. ჯარიმის გათამაშების შემდეგ, მცველებმა ანდრო დვალის მიძალება ვერ შეაჩერეს და ლელო გელა ხელაძემ გარდასახა. მოედანზე არეული თამაში გაჩაღდა. ბურთი პრაქტიკულად არ ჩერდებოდა და ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს. 74-ე წუთზე კომბინაცია კვლავ საქართველომ დაალაგა. ცირეკიძისა და კახოიძის კარგი თამაშის შემდეგ, დვალმა მარჯვენა ალამთან დუბლი შეასრულა და მართალია გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა სხვაობამ 9 ქულას მიაღწია.

ვინც წინა თამაში ნახა ემახსოვრება – უმცროსი ბორჯღალოსნები საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე 9 ქულით იგებდნენ, მაგრამ მერე ორი გარდასახული ლელო მიიღეს…

ინგლისმა ამჯერადაც მოინდომა იგივეს გამეორება, თუმცა გაუვალ დაცვას წააწყდა. სტუმრებმა ერთი ლელოს გატანა მხოლოდ ბოლო წუთზე მოახერხეს და გარდასახვა არეკნით შეასრულეს. დარჩენილ წამებში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ინგლისს შეცდომა დააშვებინეს და სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე, ქართველ ქომაგთან ერთად, ისტორიული გამარჯვება „ავჭალაზე“ იზეიმეს – 40:38.

თბილისი. ავჭალა. 2000 მაყურებელი
საქართველო U20 – ინგლისი U20 40:38 (21:24)
საქართველო
ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. ლუკა კობაური (პერპინიანი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), 8. ნიკა ლომიძე (ხარები).

მარქაფა: 16. გიგი ჭუმბურიძე (აია), 17. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 18. დავით მჭედლიშვილი (ლელო), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. ლუკა სულუაშვილი (ხვამლი); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. დიტო ბერაია (ლელო), 24. საბა არჩვაძე (ლელო), 25. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 26. დავით ბერიძე (ლელო), 27. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 28. ანდრო დვალი (ლელო), 29. დავით ვარდანიძე (აია), 30. დავით მჭედლიძე (ტულონი).

6 ლელო: ხუროშვილი, ხუციშვილი, ლომიძე, კოტორაშვილი, დვალი (2)

5 გარდასახვა: ხუციშვილი (4), ხელაძე

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1144