21:24 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბალაკი ბელინგემზე: „ჯობს „ბორუსიაში“ კიდევ ერთი წელი დარჩეს

„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, მიხაელ ბალაკი, მიიჩნევს, რომ დორტმუნდის „ბორუსიის“ ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, ამ ზაფხულს კლუბი არ უნდა დატოვოს.

„ბელინგემის წასვლა დიდი დანაკლისი იქნება ბუნდესლიგისთვის, რადგან ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, კიდევ ერთი წელი დარჩეს „დორტმუნდში,“ რათა ზრდა განაგრძოს. მისი პიროვნება ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

„ბორუსიაში" ბელინგემი ყველასთვის საყვარელი და პირველი გუნდის მყარი მოთამაშეა. ის დაცული იქნება თუნდაც ზედიზედ სამ-ოთხ ცუდ მატჩში ითამაშოს. ისეთ კლუბში, როგორიც მადრიდის „რეალია,“ ეს არ მოხდება, მაშინვე დაუწყებენ კრიტიკას.“ - ციტირებს ბალაკის სიტყვებს Bild.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელინგემმა „რეალთან" კონტრაქტის პირადი პირობები შეათანხმა. სატრანსფერო თანხა 100 მილიონი ევრო იქნება, პლუს ბონუსები.

ბელინგემმა მიმდინარე სეზონში „ბორუსიის“ მაისურით ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, 14 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის ბუნდესლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

0.108149