ფეხბურთი

12:50 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ზაფხულში ორი ნახევარმცველი დატოვებს, შეიძლება სიმეონეც წავიდეს

„ნაპოლის“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტანგი ნდომბელე და დიეგო დემე დატოვებენ. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ნდომბელე ნეაპოლიტანურ კლუბში იჯარით თამაშობს და „ტოტენჰემიდან“ მის გამოსყიდვას არ აპირებენ. ფრანგმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა და ბუნებრივია, რომ „აძური“ მას მომდევნო სეზონში არ დაეყრდნობა. გავრცელებული ცნობით, მისი გადაბირება „გალათასარაის“ სურს.

გადაწყვეტილია გუნდიდან დემეს წასვლაც. გერმანელი ფეხბურთელით ბერლინის „ჰერტაა“ დაინტერესებული, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში გავარდა. დემე „ნაპოლის“ უცვლელი წევრი იყო ჯენარო გატუზოს პერიოდში, მაგრამ ლუჩანო სპალეტიმ მას სტანისლავ ლობოტკა ამჯობია და სლოვაკის ბრწყინვალე სეზონიდან გამომდინარე დიეგოს მთელი სეზონის სათადარიგო სკამზე გატარება მოუწია.

გარდა ამისა, იტალიური პრესა წერს, რომ ჯოვანი სიმეონეს ტრანსფერით რომის „ლაციოა“ დაინტერესებული. მაურიციო სარი ჩირო იმობილეს ალტერნატიულ ვარიანტს ეძებს, რისი ერთ-ერთი კანდიდატიც არგენტინელი ფორვარდია, რომელსაც კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ვიქტორ ოსიმენი „აძურიში“ უკონკურენტოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115402