ფეხბურთი

18:16 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "მამარდაშვილი უფრო დიდი ხდება, "რეალთან" მთავარი გმირი იყო"

ესპანურმა გამოცემა Superdeporte-მ გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც მადრიდის „რეალთან“ მატჩში ქართველის თამაშს დაეთმო.

„მამარდაშვილი უფრო დიდი ხდება“ - წერს სათაურში გამოცემა და აღნიშნავს, რომ ფედერიკო ვალვერდეს წინააღმდეგ შესრულებულმა სეივმა მსოფლიო მოიარა და ნათლად წარმოაჩინა დიდი მეკარე, რომელიც გიორგია, „ბლანკოსის“ წინააღმდეგ ერთ-ერთი გმირი:

„ვალენსია“ – „რეალის“ მატჩში ბევრი მთავარი როლის შემსრულებელი იყო ვინისიუსიდან ანჩელოტიმდე და დიეგო ლოპესამდე, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა „მესტალიაზე“, თუმცა საუკეთესო მამარდაშვილი იყო. ქართველმა მეკარემ „ვალენსიასთვის“ საკვანძო როლი ითამაშა სამი ქულის მოპოვებაში, რამაც გუნდი გავარდნას პრაქტიკულად გადაარჩინა, თუმცა, მათემატიკურად ჯერ არა.

ბარახას გუნდი ზოგიერთ მონაკვეთში მადრიდის „რეალს“ სჯობდა, მაგრამ შეხვედრის ბოლოს სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ. თუმცა, ამ მომენტში ფანტასტიკური მამარდაშვილი გამოჩნდა და შეაჩერა ანჩელოტის გუნდი შეტევები, განსაკუთრებით ფედე ვალვერდეს დარტყმა, რომელიც ტურის საუკეთესო სეივი გახდა. მეკარემ ურუგვაელის ძლიერ დარტყმაზე ოსტატურად ითამაშა და აჩვენა, რომ გუნდის რთულ მომენტში გადარჩენა შეეძლო. რამდენიმე წუთში კიდევ ერთი რთული დარტყმა მოიგერია, შთამბეჭდავი სეივები ჰქონდა ვალვერდესა და ტონი კროოსის წინააღმდეგ. გერმანელმა ჯარიმა მარჯვენა ფეხით დაარტყა მაღალ კუთხეში, მაგრამ გიორგიმ მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნაბიჯი მარცხნივ გადადგა, მაინც სწრაფად მოახდინა რეაგირება და მარცხენა ხელით დარტყმა მოიგერია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ბოლო თამაშებში მამარდაშვილი მნიშვნელოვანი იყო, კონკრეტულად „ბალაიდოსზე“, სადაც ასევე ძალიან კარგად ითამაშა და ვიგოს „სელტასთან“ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა. მანამდე „ვილიარეალთანაც“ კარგად ითამაშა. ჰქონდა რამდენიმე შეცდომაც, მაგალითად „კადისსა“ და „ალმერიასთან“, მაგრამ რა თქმა უნდა, მთლიანობაში ის არ არის დამნაშავე გუნდის ვითარებაში და რამდენჯერმე გამორჩეული თამაში ჩაატარა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ბოლო ორ ტურში ზედიზედ დაასახელეს ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ. „ვალენსია“, რომელსაც 40 ქულა აქვს, 25 მაისს, სტუმრად „მალიორკას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113673