ავტოსპორტი

0:31 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი „ფერარიში? - რატომაც არა

ლუის ჰამილტონს ამ სეზონის ბოლოს, „მერსედესთან“ კონტრაქტი ამოეწურება. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, ახალი კონტრაქტის დადებას არ ჩქარობს, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომლის შესაბამისადაც, მისი „ფერარიში“ გადასვლა არაა გამორიცხული.

„დეილი მეილის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ფერარი“ მზადაა, 38 წლის ბრიტანელს 40 მილიონი სტერლინგი (დაახლოებით, 50.48 მილიონი დოლარი) შესთავაზოს. ჰამილტონს ასეთი პირობები თავად „ფერარის“ პრეზიდენტმა, ჯონ ელკანმა შესთავაზა.

„გაძეტა დელო სპორტის“ აზრით, გავრცელებულ ხმებს, გარკვეული საფუძველი აქვს. თუმცა კონკრეტულად ვერაფერს ამბობს. „მერსედესის“ და „ფერარის“ გუნდები ამ ამბავზე კომენტარს არ აკეთებენ.

ჰამილტონს იტალიურ კომპანიასთან კონტაქტი ადრე ჰქონია. ის ყველას თვალწინ ორჯერ შეხვდა ელკანს, თუმცა რაზე ესაუბრა, ამის შესახებ, არაფერია ცნობილი. სამაგიეროდ, ის არ მალავს, რომ მარანელოელთა წარმოების ერთ სუპერ ავტომობილს ფლობს.

ჰამილტონს არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის ბოლომდე „მერსედესში“ დარჩენა სურს. არაა გამორიცხული, რომ ამ ხმების გავრცელებას, ის თავად უწყობს ხელს, რათა გერმანულ კომპანიასთან მოლაპარაკებისას, დამატებითი არგუმენტი ჰქონდეს.

საინტერესოა ისიც, რომ ფ1-ში ჰამილტონის დარჩენის მთავარი მოტივაცია, მერვე ტიტულის მოსაპოვებლად, კონკურენტუნარიანი მანქანაა. უკვე ორი სეზონია, რაც „მერსედესი“ მას ასეთი მანქანით ვერ უზრუნველყოფს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ მხრივ, უკეთესი სიტუაცია არც „ფერარის“ აქვს. ორივე გუნდს აქვს იმის პოტენციალი, რომ სწრაფი და გამძლე მანქანა შეიმუშაოს, მაგრამ ჯერჯერობით, ამას ვერ ახერხებენ.

ამ მიმართულებით, ჰამილტონი გარკვეულ პასუხებს მალე მიიღებს - „მერსედესმა“ იმოლასთვის მანქანა საფუძვლიანად გადაახალისა და შესაბამის შედეგებს ელის. რამდენად ეფექტურია ცვლილებები, ამაზე პასუხი იმოლაში ვერ მივიღეთ, რადგან ეს რბოლა გაუქმდა. ახლა კი ჯერი მონაკოზეა, სადაც „მერსედესს“ ისედაც შეიძლებოდა ჰქონოდა უკეთესი შედეგის მიზეზი.

ასეა თუ ისე, ჰამილტონი მალე მიიღებს პასუხს კითხვაზე - შეუძლია თუ არა „მერსედესის“ მანქანას „რედ ბულთან“ კონკურენცია. და გუნდში დარჩენასთან (არდარჩენასთან) დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ალბათ, ამის შემდეგ მიიღებს.

0.121922