ფეხბურთი

17:45 | 22.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ედინსონ კავანი: "ჩემი შვილების კუმირები კვარაცხელია და ოსიმენი არიან"

„ვალენსიას“ და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ იტალიურ DAZN-თან „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისი შვილების კუმირები ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან.

„ნაპოლის“ სკუდეტოს მოგება დიდებული მომენტი იყო, ყველა გაგიჟდა. ეს ხდება მაშინ, როცა ბევრს იბრძვი და გამარჯვებას შეჩვეული არ ხარ. გულშემატკივრებს ძალიან სჭირდებოდათ ასეთი მშვენიერი ემოცია. ჩემი კარიერის ყველა წელი ფანტასტიკური იყო, მაგრამ ნეაპოლში განსაკუთრებული წლები გავატარე. მე უფრო ვარ იმ გუნდების მოთამაშე, რომლებსაც დიდებთან ბრძოლა უწევთ, მომწონდა ჩრდილოეთის გუნდებთან თამაშის გამოწვევა. „ნაპოლიში“ ბევრი ვერაფერი მოვიგე, მაგრამ ლამაზი მომენტები გვქონდა, თუნდაც, დიდი ხანის შემდეგ იტალიის თასის მოგება.

ჩემი პოსტი ჩემპიონობაზე? ეს მხოლოდ პატარა წინადადება იყო. ნეაპოლში არასდროს დავბრუნებულვარ, რაღაც ოჯახური პრობლემების გამო, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები. ეს ნამდვილებით მოხდება. ჩემი ორი ვაჟი „ნაპოლის“ ფანები არიან, როცა „ნაპოლი“ მარცხდება, გიჟდებიან. ისინი ნეაპოლში დაიბადნენ და გაიზარდნენ ქალაქში, რომელმაც მეც ბევრი რამ მომცა. ასე რომ, სამართლიანია, რომ ისინი „ნაპოლის“ თავისუფლად ქომაგობენ. კლუბზე ყველა საფეხბურთო სიმღერა იციან.

ლავეცის პოსტი ძალიან ლამაზი იყო, ის ძალიან ბედნიერი იყო, ისევე, როგორც მარეკ ჰამშიკი და პაოლო კანავარო. „ნაპოლის“ ყველა ყოფილ ფეხბურთელს გვინდოდა სკუდეტოს მოგება. ჩემი შვილი ლუკასი „ნაპოლის“ აკადემიაში სინჯებზეა და ვნახოთ. მინდა, ბედნიერი იყოს და გაერთოს, ვნებიანად იცხოვროს, ეს არის საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი. თუ რაღაცას აკეთებ და ეს სიამოვნებას არ განიჭებს, ცუდია, როგორც ფეხბურთში, ასევე ცხოვრებაში.

ჩემი შვილების კუმირები? ისინი კვარაცხელიასა და ოსიმენზე ბევრს საუბრობენ. ჯერ კიდევ 20 დღის წინ, როცა ჩემთან იყვნენ, ამაზე მელაპარაკებოდნენ. სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ მათ ასეთი კუმირები ჰყავთ.

ოსიმენი? ძალიან მომწონს მისი შიმშილის გრძნობა, ეს წარმოუდგენელია. ის არასდროს ნებდება და საბოლოოდ, ეს არის ის, რაც განასხვავებს სხვებისგან და კონკურენტუნარიანს გხდის. მას ყველაფერი აქვს, რომ გაიზარდოს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდეს. „ნაპოლიმ“ სკუდეტო მისი შიმშილის წყალობითაც მოიგო“, - თქვა კავანიმ.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანი „ნაპოლიში“ 2010-2013 წლებში თამაშობდა და 138 მატჩში 104 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11812