ფეხბურთი

16:00 | 22.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

Rai: დე ლაურენტისმა სპალეტის შემცვლელი შეარჩია და "ნაპოლის" სათამაშო სქემაც შეიცვლება

იტალიურ მედიაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა ვინ იქნება „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, რადგან ლუჩანო სპალეტის გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილია და მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია.

იტალიურ მედიაში ბოლო დღეებში არაერთმა ვარიანტმა გაიჟღერა და რთული სათქმელია, ვინ არის ყველაზე სარწმუნო, მაგრამ ბოლო ცნობებით, ბერგამოს „ატალანტას“ მწვრთნელი, ჯან პიერო გასპერინი დაწინაურდა.

Rai-ის ჟურნალისტი ჩირო ვენერატო იტყობინება, რომ აურელიო დე ლაურენტისმა არჩევანი გასპერინიზე გააკეთა: „დე ლაურენტისმა გადაწყვიტა. ნაპოლის ახალი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი იქნება. ის ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს. შეიცვლება ტაქტიკაც, რომელიც 3-4-3 იქნება. ბერგამოში მას ივან იურიჩი შეცვლის“, - თქვა ვენერატომ.

ჯან პიერო გასპერინიმ სახელი ჯერ კიდევ „ჯენოაში“ გაითქვა, ხოლო 2016 წლიდან ბერგამოს „ატალანტაში“ მუშაობს, რომელიც ერთხელ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა, რაც კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლიში“ 2021 წლიდან მუშაობს. ვარაუდობენ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მისი გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

0.112631