ჩოგბურთი

0:47 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასი იტალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ესპანლი კარლოს ალკარასი, რომელიც მომდევნო კვირიდან, მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსს დაიბრუნებს, იტალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ტურნირის მესამე წრეში ის უნგრელ კვალიფიციაგამოვლილ ფაბიან მაროშანთან 6-3, 7-6(4) დამარცხდა.

ამგვარად, 20 წლის ჩოგბურთელს ზედიზედ მესამე ტურნირის მოგება არ გამოუვიდა. მან ბარსელონას და მადრიდის ტურნირებზე გაიმარჯვა და რომში წაგების მიუხედავად, ნოვაკ ჯოკოვიჩს რეიტინგის სათავეში შეცვლის. ამასთან, როლან გაროსზე პირველ ნომრად განთესილი ითამაშებს.

ამჯერად ალკარასი შორს იყო თავისი საუკეთესო ფორმისგან. მან მეოთხე გეიმში, საკუთარი მოწოდება მშრალად წააგო და რეიტინგში 135-ე ადგილზე მყოფ მეტოქეს, დაწინაურების საშუალება მისცა. მაროშანმა შანსი კარგად გამოიყენა და პირველი სეტი მოიგო.

ალკარასმა მეორე სეტის მეშვიდე გეიმში სამი ბრეიკ პოინტი გადაარჩინა, თუმცა მეოთხეზე ეს ვეღარ შეძლო და 23 წლის უნგრელი 4-3 დაწინაურდა. ალკარასმა მაშინვე მოახერხა საპასუხო ბრეიკის აღება და საბოლოოდ, მეორე სეტის გამარჯვებულის გამოსავლენად, ტაიბრეიკი დაინიშნა.

ამჯერად ალკარასმა უკეთ დაიწყო თამაში და 4-1 დაწინაურდა. მაგრამ ამის შემდეგ, მაროშანმა ზედიზედ ექვსი ქულა აიღო და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. ალკარასისთვის ეს ამ სეზონში მხოლოდ მეორე წაგებაა. თავად კი 20 აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116635