ფეხბურთი

23:03 | 13.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის ბრწყინვალე საგოლე პასი: "მეცი" "ბორდოს" ერთ ქულამდე მიუახლოვდა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ის 35-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ შინ „გრენობლი“ 1:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ფეხბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა.

მიქაუტაძეს ამჯერად გოლი არ გაუტანია, მაგრამ საგოლე პასი გააკეთა. 47-ე წუთზე მან ბურთი მოედნის შუაში მიიღო და ბრწყინვალე დრიბლინგით რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა, საბოლოოდ კი აბილიე ჯალოუს ცარიელ კარში გაატანინა. მთლიანად გიორგის დამსახურება იყო ეს გოლი. 72-ე წუთზე ქართველი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, თუმცა მცველმა წააქცია, რის გამოც ლოიკ ნესტორი გააძევეს. ამრიგად, საგოლე პასი მიითვალა და მეტოქეც გააძევებინა. ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძეს 34 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირებში დამაჯერებელი ლიდერია, ხოლო 8 საგოლე პასით ჩემპიონატში მეორე შედეგი აქვს.

„მეცმა“ „ბორდოსთან“ ჩამორჩენა ერთადერთ ქულამდე შეამცირა, რადგან ჟირონდელებმა დღეს სტუმრად „რუანთან“ ვერ მოიგეს (0:0). ზურიკო დავითაშვილმა 70-ე წუთამდე ითამაშა.

ლიგა 1-ში ორი საუკეთესო გუნდი გადავა. „ლე ჰავრს“ პირველი ადგილი პრაქტიკულად განაღდებული აქვს, მეორე ადგილზე გასვლის შანსი კი მხოლოდ ორ გუნდს აქვს, დავითაშვილის „ბორდოს“ და მიქაუტაძის „მეცს“. სეზონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, „ბორდო“ კონკურენტს 1 ქულით უსწრებს.

მომდევნო ტურში „მეცი“ 20 მაისს, „გინგამს“ ესტუმრება, „ბორდო“ კი იმავე დღეს „ლავალს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118763