ჭიდაობა

20:00 | 21.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს შანსი ევროპის ჩემპიონატზე

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ხუთმა ქართველმა მოჭიდავემ იასპარეზა, ოთხს კი მედლის შანსი აქვს: ერთი ოქროსთვის იბრძოლებს, სამი - ბრინჯაოსთვის.

63 კგ წონით კატეგორიაში ფინალშია ლერი აბულაძე, რომელმაც თურქი მეჰმეთ ჩეკერი (9:1) და ბულგარელი აბუ ამაევი (11:2) დაამარცხა, ოქროს მედლისთვის კი აზერბაიჯანელ ტალეჰ მამადოვს დაუპირისპირდება.

55 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ უკრაინელი ვიაჩესლავ ბაირაკტარი 10:0 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში თურქ ადემ ბურაკ უზუნთან 3:13 წააგო, შესაბამისად, ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, სადაც სომეხ რუდიკ მკრტიჩიანს შეხვდება.

87 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძემ ხორვატი ივან ჰუკლეკის (9:0) და შვედი ალექს კესიდისის (6:0) ბარიერი დაძლია, ნახევარფინალში კი თურქ ალი ჯენგიზთან 1:3 წააგო, რის შედეგადაც ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის გავა ხალიჩაზე.

130 კგ წონით კატეგორიაში ასევე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს იაკობ ქაჯაია, რომელმაც იტალიელი დანილა სოტნიკოვი (1:1) და უკრაინელი მიხაილო ვიშნივეცკი (7:1) დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ საბაჰ სალეჰ შარიათისთან ბოლო ქულით წააგო (1:1).

77 კგ წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩა იური ლომაძე, რომელმაც იტალიელ ლუკა დარიოცის (9:0) და ესპანელ მარკოს მეხიასს (10:0) იოლად აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში უნგრელ ზოლტან ლევაისთან დამარცხდა (1:3), რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველიც რეპეშაჟს მიღმაც აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ ასევე ასპარეზობაში ჩაერთვებიან დანარჩენი 5 წონის წარმომადგენლები. ბერძნულ-რომაულამდე ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111411