ფეხბურთი

1:22 | 21.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე სევილიური მაგია გრძელდება: "მანჩესტერი" გავარდა

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ნახევარფინალისტები ევროპა ლიგაზეც გაირკვა, რომელსაც მთავარი ფავორიტი „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოეთიშა.

თუმცა, შეიძლება მთავარი ფავორიტი სხვა გუნდი იყოს: ყველამ იცის სევილიური მაგია ევროპა ლიგაზე და ესპანური კლუბი ისევ დამაჯერებლად მიიწევს ტიტულისკენ. ერთი კვირის წინ მანჩესტერში ერიკ ტენ ჰაგის გუნდი დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, 85-ე წუთამდე 2:0-საც იგებდა, მაგრამ ბოლო 5 წუთში ორი ავტოგოლი გაუშვა და მატჩი 2:2 დასრულდა... „სანჩეს პისხუანზე“ კი „სევილიამ“ ინგლისური გრანდი უბრალოდ არ დაინდო, 3 უპასუხო გოლი გაუტანა და ტურნირიდან გააგდო,.მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში „დალაქებმა“ 3 მწვრთნელი შეიცვალეს, კრიზისი ჰქონდათ, ერთი ხანობა ლა ლიგის გასავარდნ ზონაშიც იყვნენ, ევროპა ლიგაზე ეს გუნდი ტყავს იცვლის! ინგლისელებმა ორი გოლი წარმოუდგენელი შეცდომებით გაუშვეს: ჯერ ჰარი მაგუაირმა და მერე დავიდ დე ხეამ კატასტროფულად ითამაშეს. სხვათა შორის, "მანჩესტერმა" ევროპა ლიგადან "ბარსელონა" და "ბეტისი" გააგდო, მაგრამ მესამე ესპანურ გუნდთან არაფერი გამოუვიდა.

„სევილია“ ნახევარფინალშია, სადაც ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდება. იტალიურმა გრანდმა ლისაბონის „სპორტინგი“ მძიმე ბრძოლაში დაჯაბნა. ტურინში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ეს უპირატესობა კი ლისაბონში შეინარჩუნეს. მე-9 წუთზე ადრიენ რაბიომ ანგარიში გახსნა, რასაც 12 წუთში პორტუგალიელებმა ედვარდსის პენალტით უპასუხეს, მაგრამ მერე „იუვემ“ თავი კარგად დაიცვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ნახევარფინალშია „ლევერკუზენიც“, რომელმაც ბელგიური „უნიონ სენ-ჟილის“ ზღაპარი დაასრულა. გერმანიაში 1:1-ის შემდეგ ბელგიაში „ფარმაცევტებმა“ ძალიან იოლად, 4:1 მოიგეს. ამრიგად, ჩაბი ალონსოს გუნდის საუკეთესო ოთხეულშია.

კონფერენს ლიგის მოგების შემდეგ „რომა“ ევროპა ლიგის მოგებისკენ მიიწევს. ჟოზე მოურინიოს გუნდმა როტერდამის „ფეიენოორდი“ დაამარცხა. არადა, გავარდნასთან იტალიური კლუბი ძალიან ახლოს იყო. ნიდერლანდებში მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს, ხოლო რომში 89-ე წუთამდე 1:1 იყო, რაც „ფეიენოორდის“ გასვლას ნიშნავდა. თუმცა, პაულო დიბალას გოლით „ჯალოროსი“ დამატებით დროში გადავიდა, სადაც მეტოქეს აჯობა, კიდევ 2 გოლი გაუტანა და 4:1 მოიგო.

ამრიგად, „რომა“ ნახევარფინალშია, სადაც „ლევერკუზენს“ შეხვდება. სხვათა შორის, სამივე ევროტურნირის 12 ნახევარფინალისტიდან 5 იტალიური გუნდია! შედარებისთვის სხვა ქვეყნებიდან საუკეთესო შედეგი ორი გუნდია... და, ბედის ირონიაა, რომ ამ 5 იტალიურ გუნდში არ არის „ნაპოლი“, რომელიც მთელი სეზონი ყველაზე კარგ ფორმაში იყო და სერია A-ს კოლოსალური უპირატესობით ლიდერობს.

„რომა“ – „ფეიენოორდი“ 4:1 დ.დ (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 4:2

გოლები: 1:0 სპინაცოლა (60), 1:1 პეიშაო (80), 2:1 დიბალა (89), 3:1 ელ შაარავი (101), 4:1 პელეგრინი 109)

„უნიონ სენ-ჟილი“ – „ლევერკუზენი“ 1:4 (0:2) - ორი მატჩის ჯამში: 2:5

გოლები: 0:1 დიაბი (2), 0:2 ბაკერი (38), 0:3 ფრიმპონგი (61), 1:3 ტერო (65), 1:4 ჰლოზეკი (79)

„სევილია“ – „მანჩესტერი“ 3:0 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 5:2

გოლები: 1:0 ენ-ნესირი (8), 2:0 ბადე (47), 3:0 ენ-ნესირი (81)

„სპორტინგი“ – „იუვენტუსი“ 1:1 (1:1) - ორი მატჩის ჯამში: 1:2

გოლები: 0:1 რაბიო (9), 1:1 ედვარდსი (21, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117241