ფეხბურთი

1:10 | 19.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ 1:1 ნეაპოლში: კვარამ პენალტი ვერ გაიტანა, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

„ნაპოლიმ“ „მილანს“ ისევ ვერ მოუგო და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. „სტადიო მარადონაზე“ 1:1 „როსონერის“ გამარჯვებას ნიშნავდა - ორი მატჩის ჯამში 2:1.

ხვიჩა კვარაცხელია ძალიან აქტიური იყო, იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის 3 ფეხბურთელი მეურვეობდა. კვარას გოლის გატანაც შეეძლო, გარდამტეხ მომენტში, პენალტი შეასრულა, თუმცა, ვერ გაიტანა.

პირველი ტაიმი ორ ნაწილად გაიყო: საწყის წუთებში „ნაპოლი“ უკეთესი იყო, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ რეალური საგოლე მომენტი მასპინძლებმა პრაქტიკულად ვერ შექმნეს. მერე კი „როსონერიმ“ მოიცალა შეტევისთვის, რომელმაც სამჯერ ძალიან მწვავედ შეუტია: პირველ იერიშს პენალტი მოჰყვა, რომელიც ოლივიე ჟირუმ ვერ გაიტანა. მას ალექს მერეტმა აჯობა. ამ ფეხბურთელების დუელში ცოტა ხანში ისევ იტალიელმა მეკარემ იმარჯვა, არადა, ჟირუს გატანა მართებდა, შესანიშნავ პოზიციაში იყო.

ფრანგმა ფორვარდმა შეცდომები პირველი ტაიმის მიწურულს გამოასწორა, როდესაც ცარიელ კარში გაიტანა და ანგარიში გახსნა. თუმცა, ეს გოლი მთლიანად რაფაელ ლეაუს დამსახურებაა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიბრწყინა - „ნაპოლის“ მთელი დაცვა მოატყუა!

„ნაპოლის“ მეორე ტაიმში აუცილებლად 2 გოლი ჰქონდა გასატანი, ამიტომაც, აქტიურად დაიწყო თამაში. ნაანტრაქტევს პირველივე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა დიდებულად, მაგრამ გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა, როცა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და ოდნავ არაზუსტად დაარტყა. კვარას დაახლოებით მსგავსი მომენტი 57-ე წუთზეც ჰქონდა, როცა რადე კრუნიჩსა და კალაბრიას შორის გაძვრა, მაგრამ ზუსტად ისევ ვერ დაარტყა.

ხვიჩას და ზოგადად, „ნაპოლის“ საუკეთესო შანსი 81-ე წუთზე ჰქონდა, პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს. კვარამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, მას მაიკ მენიომ აჯობა და თამაშიც პრაქტიკულად აქ დასრულდა. მართალია, მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე ვიქტორ ოსიმენმა გაათანაბრა, მაგრამ „ნაპოლის“ დრო აღარ ჰქონდა.

ამრიგად, „ნაპოლის“ სეზონის ბოლომდე სერია A-ზე კონცენტრირება და 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაზე აქცენტირება მოუწევს. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონი 9 მატჩში 2 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით დაასრულა.

„ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 23 აპრილს, ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს.

„ნაპოლი“ – „მილანი“ 1:1 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 1:2

ნეაპოლი, „სტადიო მარადონა“

„ნაპოლი“ (4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი (ოსტიგორი 74), ჟუან ჟეზუში, მარიო რუი (ოლივერა 34); ნდომბელე (ელმასი 63), ლობოტკა, ჟელინსკი (რასპდორი 74); პოლიტანო (ლოზანო 34), ოსიმენი, კვარაცხელია

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

„მილანი“ (4-2-3-1): მანიო; კალაბრია, კიაერი, ტომორი, ტეო ერნანდესი; კრუნიჩი, ტონალი; ბრაჰიმ დიასი (მესიასი 59), ბენასერი, ლეაუ (სალემაკერსი 84); ჟირუ (ორიგი 68)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 0:1 ჟირუ (43), 1:1 ოსიმენი (90)

გაფრთხილება: დი ლორენცო (45) - ტონალი (45, მენიო (45)

გამოუყენებელი პენალტი: კვარაცხელია (მეკარე, 81) - ჟირუ (მეკარე, 22)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 22 (4) – 6 (4) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 16:1 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139006