ჭიდაობა

22:35 | 17.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ძალები ხუთმა ქართველმა მოჭიდავემ მოსინჯა.

ორმა გამოსვლა უკვე დაასრულა, მაგრამ ერთი ფინალშია, ხოლო ორსაც ბრინჯაოს მედლის შანსი გააჩნია.

97 კგ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა მოლდოველი რადუ ლეფტერი (11:0), თურქი იბრაჰიმ ჩიფტჩი (4:3) და ნახევარფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 9:1 დაამარცხა. ფინალში გივის მეტოქე ხვალ აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი იქნება.

57 კგ წონით კატეგორიაში ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა რობერტ დინგაშვილს. მან მეოთხედფინალში რუმინელი რაზვან კოვაჩი 13:3 დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ სულეიმან ატლისთან 1:13 წააგო. მედლისთვის ქართველი მოჭიდავის მეტოქე ხვალ ბულგარელი გეორგი ვანგელოვი იქნება.

65 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის შანსი ექნება ედემი ბოლქვაძეს, რომელმაც თურქი ჰამზა ალაჩა (4:3) დაამარცხა, შემდეგ ბულგარელ მიკაი ნაიმთან 2:6 წააგო, მაგრამ მისი მეტოქე ფინალში გავიდა და ედემი რეპეშაჟში გადავიდა, რომლის პირველ წრეში ხვალ შვეიცარიელ ნინო ლოიტერს გაეჯიბრება.

უმედლოდ დარჩა ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ), რომელმაც საწყის შეხვედრაში თურქ მუჰამედ აკდენიზს კი აჯობა (8:0), მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ საბუჰი ამირსალსანოვთან წააგო (0:10), რომელიც თავის მხრივ ფინალში ვერ გავიდა და ქართველი რეპეშაჟში ვეღარ გაიყოლა.

იგივე გზა განვლო გიორგი ელბაქიძემ (70 კგ), რომელმაც თურქი სერვეთ კოსკუნი 3:1 დაამარცხა, მაგრამ მერე უკრაინელ იგორ ნიკიფოროვთან 3:14 წააგო. ფინალში უკრაინელი ვერ გავიდა და ელბაქიძემაც მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატში ხვალ დანარჩენი 5 წონითი კატეგორიის მოჭიდავეებიც ჩაებმებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116047